10 აგვისტო 2026,   01:05
ვრცლად
გურიაში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად შესაბამისი სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ - გრძელდება მოსახლეობის სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა

გურიაში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად შესაბამისი სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მუნიციპალიტეტში სპეცტექნიკით აქტიურად იწმინდება გზები, კომუნიკაცია მყარდება ყველა დასახლებულ პუნქტთან.

ასევე, გრძელდება მოსახლეობის სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ინტენსიურად მიმდინარეობს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენითი სამუშაოებიც.

გურიის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ურუშაძის განცხადებით, ისეთ სოფლებში, სადაც საავტომობილო საშუალებით გადაადგილება, ჯერჯერობით, შეუძლებელია საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურისა და თავდაცვის ძალების ტექნიკა მუშაობს.

"მობილიზებულია ყველა შესაბამისი ტექნიკა, რაც საჭიროა დიდთოვლობასთან საბრძოლველად. 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც ცენტრალური, ასევე შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები. მეხანძრე-მაშველებისა და თავდაცვის ძალების მიერ მობილიზებულია სპეციალური თოვლმავალი საშუალებები, რომლებიც გადაადგილდებიან ისეთ სოფლებში, სადაც ჯერჯერობით სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება შეუძლებელია", - განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

სოფელ ჯუმათში მერის წარმომადგენლის, ოლეგ ჩხარტიშვილის განცხადებით, სოფლებში შესაბამისი პირები მედიკამენტებსა და პროდუქტებს არიგებენ.

"ჯგუფები მობილიზებულია, უკვე აკეთებენ ყველაფერს, მოსახლეობას პროდუქტებს ურიგებენ, ენერგოსამსახური გამოსულია. სოფლებში ნაწილობრივ აღდგა ელექტროენერგია", - განაცხადა ოლეგ ჩხარტიშვილმა.

დღის ამბები