სტიქია დასავლეთ საქართველოში - "კურიერის" გადამღები ჯგუფი გურიის იმ სოფლებში ჩავიდა, სადაც გზა ექვსი დღე ჩაკეტილი იყო. სოფლების ნაწილი გარე სამყაროს ისევ მოწყვეტილია, ნაწილთან მისასვლელი გზა კი გაიწმინდა. ერთ-ერთი ასეთი სოფელი არის ჩოჩხათი - მოსახლეობასთან ასვლა მხოლოდ დღეს მოხერხდა. ადგილზე ჩაიტანეს ჰუმანიტარული ტვირთი. ჯერ კიდევ რჩება პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ - დილის მონაცემებით, დენი გარეშე არის 5 000-მდე მდე აბონენტი. გაზმომარაგება აღუდგა ნახევარზე მეტს - ასეთია ბოლო ოფიციალური ინფორმაცია.
"კურიერი" ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს გაესაუბრა.
ემინე ბათაძე, გურიის მკვიდრი: "რომ დაიწყო თოვა, 23-ში უკვე ჩემი სახლი ჩამოტყდა, იმის მერე მეზობელთან ვართ. ჯარისკაცი მყავს შვილი, ამოვიდა და და სამზარეულო გადმოთოვლა, მაგრამ სამზარეულო არის გარეთ, დანგრეულივით, მაგრამ მაინც გადარჩა. გზები გუშინ საღამოს გაიწმინდა."
კონსტანტინე კვერენჩხილაძე, გურიის მკვიდრი: "ბოლოს 1985 წელს იყო ძალიან დიდი ნალექი, თავისი ყინვებით. 40 წლის მერე ისევ დაგვატყდა სტიქია თავს. შეძლებისდაგვარად, მოსახლეობას პროდუქტებით ამარაგებენ, გზები იწმინდება. არის დარჩენილი ცალკეული ლოკაციები, რომელიც ჯერ კიდევ გაუწმენდავია, მაგრამ მიდის მუშაობა. მიმდინარეობს სამუშაოები და გვპირდებიან რომ მოვლენ დღეს ან ხვალ. მოსახლეობა, ვინც ჩაკეტილია, ვერ მიდიან და პროდუქტები აღარ აქვთ, იმათ აძლევენ ჰუმანიტარულ დახმარებას."