
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 7 თვე რჩება. ვინ დარჩება გადაწყვეტილების ერთგული და ვინ შეცვლის პოზიციას - ბარიერგადალახულ პარტიებში ერთადერთი, ვინც ცალსახად ამბობს, რომ 2025 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს "ნაციონალური მოძრაობაა". დანარჩენ სამ პარტიაში პირდაპირ არ აცხადებენ - აპირებენ თუ არა მომავალ არჩევნებში ჩართვას. ამბობენ, რომ ახლა ეს თემა აქტუალური არ არის და უნდა შესრულდეს როგორც ახალი არჩევნების დანიშვნის, ასევე აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნა. იგივე მოთხოვნა აქვს ნიკა გვარამიას. პარტია "ახალის" ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვა, ან ხალხის ნების არცოდნაა, ან "ქართული ოცნების" სასარგებლოდ თამაში.
ოპოზიციის ბუნდოვანი პასუხი, მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ მათი ოპონენტები გარე ძალებისგან დირექტივას ელოდებიან. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია მორიგი მარცხისთვისაა განწირული.
"ქუჩაში დარჩენილ დესტრუქციულ ძალებს, რომლებსაც რატომღაც ჯერ კიდევ ოპოზიციას ვეძახით, თავისი საკუთარი გეგმა არ აქვს და არც არასდროს ჰქონია. ისინი გარე აქტორების დავალების შემსრულებლებად გვევლინებიან აქ. დღევანდელ ვითარებაში სავსებით ლოგიკური იქნებოდა მათი მხრიდან ის, რასაც გვარამია ამბობს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, თუმცა არაერთხელ გვინახავს მათი შეცვლილი პოზიცია და ამ შემთხვევაშიც მათი პოზიცია ცალსახად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ რა დავალებას მიიღებენ გარედან," აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა სალია.