
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში განსახილველი საქმეების უმრავლესობაზე სამართლებრივი შედეგი დამდგარია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური შეფასება, რომელსაც ეს კომისია დასკვნის სახით მოამზადებს.
მისივე თქმით, სწორედ ამ წარსულის გამოძახილი განაპირობებს ქვეყანაში რევოლუციური სცენარის წარმართვას:
"ხარძიანის საკითხი ერთადერთი არ არის, არის უამრავი ასეთი საკითხი. ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიღებული აქვს სასამართლოს, ბევრი ადამიანია დასჯილი 2012 წლის შემდეგ. პოლიტიკური შეფასებაა მთავარი და ზუსტად ის დასკვნა გვჭირდება, რომელიც რეალობას დაანახებს მთელს საზოგადოებას და არამარტო ქართულ საზოგადოებას.
რასაკვირველია, ამას აქვს დიდი სამართლებრივი ნაწილი, მაგრამ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური შეფასება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ წარსულის გამოძახილი დღეს განაპირობებს საქართველოში რევოლუციურ სცენარს და ამ სცენარის სათავეში კვლავ იმ ადამიანებს, რომლებმაც ამდენი ბოროტება ჩაიდინეს მმართველობის პერიოდში," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.