
ლიბერალური პარტიები თუ იმარჯვებენ, ეს იდეალურია ბრიუსელისთვის, ეროვნული მთავრობა თუ იმარჯვებს, მაშინ კრიზისია. ეს აღმაშფოთებელი მიდგომა საერთაშორისო პოლიტიკაში დონალდ ტრამპმა შეაჩერა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სიიარტოს თქმით, საქართველო არის საუკეთესო მაგალითი, "როგორ შეიძლება, საერთაშორისო ლიბერალური მეინსტრიმი, გლობალური დიქტატურა ცდილობდეს მთავრობაზე წნეხს იმის გამო, რომ ქვეყანას პატრიოტული გრძნობები აქვს და არსებობს პოლიტიკური სტრატეგია, რომ ქვეყანაში კონსერვატორული და ქრისტიანული იდეები განხორციელდეს".
ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სწორედ აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტში, ელჩების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
"ჩვენ ვხედავთ, რამდენად სკანდალურია ორმაგი სტანდარტი მსოფლიოში, რომელიც შემდეგ ფაქტს ეფუძნება – ლიბერალური პარტიები თუ იმარჯვებენ ქვეყანაში, ეს იდეალურია ბრიუსელისთვის, თუ ეროვნული მთავრობა იმარჯვებს, მაშინ კრიზისია. ეს აღმაშფოთებელი მიდგომა საერთაშორისო პოლიტიკაში დონალდ ტრამპმა შეაჩერა, რომელმაც მყისიერად და მკაფიოდ განაცხადა, რომ გლობალური დიქტატურა, ლიბერალური ძალები წარსულს ჩაბარდნენ, იდეოლოგია შეიცვალა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ამ პოლიტიკის წარმატებას", – აღნიშნა სიიარტომ.
როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მიესალმება იმ ფაქტს, რომ USAID-ის წყაროები და დაფინანსება შეწყვეტილია.
"ეს ფინანსური ნაკადი ქვეყნების შიდა პოლიტიკას აღარ არევს და აღარ მოხდება სუვერენიტეტის ხელყოფა. ამავდროულად, ჩვენ მოვუწოდებთ, მკაცრად იყოს გამოძიებული, ვინ იყვნენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, რომელთა საშუალებითაც, უცხოური ფინანსური წყაროების გამოყენებით ხდებოდა უცხოური ძალების ინტერესების გატარება ქვეყნებში. ძალიან ბევრი ადამიანი გამოთქვამს უკმაყოფილებას დაფინანსების შეწყვეტის გამო, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ჩვენ, უნგრელები, ვეწინააღმდეგებით ბრიუსელის პოლიტიკას. ეს დაფინანსება და შიდა ცხოვრებაში ჩარევა არის სუვერენიტეტის ხელყოფა, უცხოური ინტერესების განხორციელება სხვა ქვეყნებში. ევროკომისიის და ევროპის გადასახადის გადამხდელთა წყაროები არ უნდა იქნეს გამოყენებული, ეს მიუღებელია, ეს არის შიდა ცხოვრებაში ჩარევა, განსაკუთრებით გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში მობილიზებული თანხების გამოყენებით", – განაცხადა პიტერ სიიარტომ.