
ვინ მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში? ოპოზიციაში ამ დრომდე აზრთა სხვადასხვაობაა.
დღეისათვის ცნობილია მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობისა" და "კოალიცია ცვლილებისთვის" გადაწყვეტილება. ორივე გაერთიანება 4 ოქტომბრის საარჩევნო მარათონს ეთიშება.
"ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან და ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, დროებითი ადმინისტრაციის პირობებში, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩაინიშნება, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აზრი არ ექნება.
"ვიმედოვნებთ, ოპოზიციური პარტიები შევთანხმდებით, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებს ატარებს არალეგიტიმური ხელისუფლება, პოლიტპატიმრები რჩებიან ციხეში და ამ არჩევნებთან ერთად არ ინიშნება, დროებითი ადმინისტრაციის პირობებში, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, მაშინ ამ არჩევნებში შესვლას არ ექნება აზრი", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.