
შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება მიღწეულია - ახლა მსოფლიო რუსეთისგან და უკრაინისგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ელოდება. შედეგიანი შეხვედრებისთვის კი ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინელი კოლეგისგან მადლობაც მიიღო და კრიტიკაც - ზელენსკი, ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
რუსეთს კი, მასზე ზეწოლის შემსუბუქების პარალელურად, სხვა პირობებიც აქვს. მათ შორის, დაწესებული სანქციების ნაწილის მოხსნა, რაც საერთაშორისო საბანკო სისტემასაც მოიაზრებს.
დონალდ ტრამპი რუსეთსა და უკრაინას შორის მიღწეული პირველი შეთანხმებით კმაყოფილია და ახლა მხარეებისგან დადებული პირობების შესრულებას ელოდება. ამერიკის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ, შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, ვაშინგტონი მოსკოვის პირობებს განიხილავს და აპირებს, დაეხმაროს რუსეთს, აღადგინოს მსოფლიო ბაზარზე წვდომა, სოფლის მეურნეობისა და სასუქების ექსპორტისთვის.
შეთანხმების შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმაც გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ მხარეები უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფასა და შავ ზღვაში კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების აღკვეთაზე შეთანხმდნენ.