
"არ იკადრეს, კომისიაზე არ მოვიდნე, მაგრამ საჯაროდ მაინც გაეცათ პასუხი იმ ბრალდებებზე, რომელიც არის მათ წინააღმდეგ", - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შესახებ განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ისინი ქართულ კანონმდებლობას პატივს არ სცემენ.
"არ აქვთ არანაირი პასუხი იმ კითხვებზე, რაც არა მხოლოდ კომისიის წევრებმა დავსვით, არამედ იმ ადამიანებმა, ვისაც ბიზნესი წაართვეს, ვინც პირდაპირ დაასახელა გვარები - ხაზარაძე, ჯაფარიძე, რომლებიც მონაწილეობდნენ ბიზნესის რეკეტში.
სამწუხაროდ, ფაქტები არსებობს, დადასტურებული დოკუმენტები და ცოცხალი ადამიანები. არ იკადრეს, კომისიაზე არ მოვიდნე, მაგრამ საჯაროდ მაინც გაეცათ პასუხი იმ ბრალდებებზე, რაც არის მათ წინააღმდეგ. არ აქვთ არანაირი პასუხი. როგორც ჩანს, ამჯობინეს, რომ მორიგ ჯერზე როგორმე კომისიასთან მისვლისგან თავი აერიდებინათ.
ორმაგი შეცდომა დაუშვეს, ერთი, დაადასტურეს, რომ ნამდვილად მონაწილეობდნენ ამ ბიზნესის რეკეტში და მეორე, არ სცემენ პატივს ქართულ კანონმდებლობას და ამ დროს ამბიცია აქვთ მაღალ მატერიებზე და "ევროპულ" პოლიტიკოსობაზე", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მამუკა ხაზარაძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. ზუსტი დრო ჯერ უცნობია.
პროკურატურაშია გადაგზავნილი ბადრი ჯაფარიძის საქმეც. 349-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ხაზარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სხდომაზე, სადაც "ლელოს" ლიდერები არ მივიდნენ, "შპს მაგნატის" საკითხი განიხილებოდა, გამოიკითხა დაზარალებული ბიზნესმენი, ჯემალ ლეონიძე, რომელმაც ბიზნეს წილების იძულების წესით გადაფორმებაში ბრალი, მათ შორის სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძეს დასდო.