
"ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ ბატონი ხაზარაძე და ჯაფარიძე არ გამოცხადდნენ ამ კომისიაზე", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა.
ლევან მაჭავარიანის თქმით, მათ ამ გზით სირცხვილის არიდება უნდოდათ.
"ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ ბატონი ხაზარაძე და ჯაფარიძე არ გამოცხადდნენ ამ კომისიაზე. ისეთი კითხვებია, რომ არ უნდათ პირდაპირ ეთერში, საზოგადოებამ მოისმინოს მათი პასუხები, ვინაიდან პასუხები არ არსებობს.
რაც იმ ბატონმა ილაპარაკა, რომელსაც გაუმწარეს ცხოვრება, "მაგნატის" შემთხვევაზე რომ ვთქვა, ფაქტებით, მტკიცებულებებით, თარიღებით, ყველაფრით ჩამოთვალა. ამის შემდეგ, ძალიან რთულია, დაჯდე იქ და ამ ყველაფერს პასუხი გასცე. იცი, რომ გიყურებს მთელი საქართველო და იქ სიცრუეს არავინ არ გაპატიებს. ქალბატონი წულუკიანის ხელმძღვანელობით, დაკომპლექტებული არის ისეთი ჯგუფი, როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან, რომელსაც ნამდვილად ვერაფერს გამოაპარებ. შესაბამისად, ასეთი სირცხვილის არიდება უნდოდათ ამ გზით, თუმცა ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.