
"ის რომ მაგისტრ მოსამართლესთან მივიდეს დაკითხვაზე, არ ცვლის იმ ვალდებულებას, რომელიც მათ გააჩნიათ საპარლამენტო კომისიის მიმართ", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს კანონი და ამ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით აქვს პროკურატურას ჩასატარებელი გარკვეული მოქმედებები.
"პროკურატურის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ საქმე აწარმოონ იმ უარის გამო, რომელსაც ისინი უცხადებენ საპარლამენტო კომისიას, მოსვლაზე აცხადებენ უარს. პასუხისმგებლობა არსებობს, არსებობს კანონი და ამ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით აქვს პროკურატურას ჩასატარებელი გარკვეული მოქმედებები. ის რომ მაგისტრ მოსამართლესთან მივიდეს დაკითხვაზე, არ ცვლის იმ ვალდებულებას, რომელიც მათ გააჩნიათ საპარლამენტო კომისიის მიმართ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მამუკა ხაზარაძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება - კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი სასამართლოში ადვოკატთან ერთად, ცოტახნის წინ მივიდა.
საქმე ეხება პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას, რისი საფუძველიც პარლამენტში მოქმედი დროებითი საგამოძიებო კომისია და მასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა გახდა.
კომისიამ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე "მაგნატის" საქმის განხილვაზე დაიბარა - ეს არის კომპანია, რომლის მესაკუთრე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში, მას ბიზნესი წაართვეს, ეს კი დავით კეზერაშვილის დავალებით და "თი ბი სი" ბანკის ხელმძღვანელების მონაწილეობით მოხდა.
თავად ბრალდებების ადრესატები უარყოფენ ბიზნესის წართმევის სქემაში მონაწილეობას, მიმდინარე პროცესებს კი პოლიტიკურ დევნას უწოდებენ.