ფარულად გადაღებულ კადრებში ნარკოდანაშაულის კონკრეტული ფაქტი ჩანს. მასალის მიხედვით, მომხმარებელს რეალიზატორისთვის ჯერ თანხა უნდა გადაეცა, ანგარიშსწორების შემდეგ კი მოთხოვნილ ნარკოტიკსაც მიიღებდა. გასაღების მეთოდი ამ შემთხვევაში ე.წ ხელიდან ხელში გადაცემა იყო.
ნარკოდანაშაულის საქმის მთავარი მტკიცებულებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა. გამოძიების ინფორმაციით, პირები რომლებიც საკონტროლო შესყიდვის კადრებში ჩანს, სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. ისინი ირანის და თურქეთის მოქალაქეები არიან.
20 წლამდე ან უვადო პატიმრობა - ეს სასჯელი დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ემუქრებათ. გამოძიება მათ წინააღმდეგ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-რეალიზაციის მუხლით მიმდინარეობს.
"კურიერმა" გაარკვია, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაცია თბილისში სამ ლოკაციაზე ჩატარდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეები ნაქირავებ ბინებში ცხოვრობდნენ. "კურიერი" ერთ-ერთ მისამართზე მივიდა. ბინაში 43 წლის სუატ გუნდენი ცხოვრობდა, ის თურქეთის მოქალაქეა. "კურიერის" ინფორმაციით სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ექსტაზი ამოიღეს.
"ექსტაზი", "ემ დე ემა", მარიხუანა - ეს ის ნარკოტიკული საშუალებებია, რომლებიც სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოიღეს. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში, მტკიცებულების სახით დევს თანხაც.
ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულები ახლა წინასწარ 2თვიან პატიმრობაში რჩებიან. მათ საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლომ იმსჯელა. დაკავებულების ნაწილმა პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა, ნაწილი ირწმუნებოდა რომ ნარკოტიკს პირადი მოხმარებისთვის იყენებდა.
2 თვიან პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას, ბრალდებულების ადვოკატები, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ნარკოდანაშაულის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. პროკურატურის ინფორმაციით გამოძიება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების პროცესშია.
ირანის და თურქეთის მოქალაქეების საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 21 მაისს ჩატარდება.