საქართველოს პარლამენტის სპეციალური საგამოძიებო კომისიის მე-11 სხდომა - სამუშაო ჯგუფის ფოკუსში წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების პირველი, გახმაურებული და სასტიკი საქმეები ექცევა. საგამოძიებო კომისია შვილმკვდარ დედას უსმენს, რომელიც 21 წლის შემდეგ მძიმე ისტორიას იხსენებს, თუმცა სანამ ია მეტრეველი შვილის მკვლელობის დეტალებს გაიხსენებს, სხდომაზე სადემონსტრაციო ვიდეოს აჩვენებენ. ვიდეოს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნების პოლიტიკურ მიდგომებს რამდენიმე წამში ატევს.
2004 წელი, 24 ნოემბერი და საბედისწერო გასროლა, რომელიც ერთი ოჯახის ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევს - ტყვია 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლეს ასრულებს. ოჯახი სიმართლის ძიებას იწყებს, თუმცა სამართალს ვერ პოულობს. შვილმკვდარი დედა 21 წლის წინანდელ მოვლენებს დეტალურად იხსენებს და საგამოძიებო კომისიას მაშინდელი ხელისუფლების მიერ გაცემულ ბრძანებებსა და დადგმულ სცენარებზე უყვება. აქცენტი კეთდება იმ ფაქტზე, თუ როგორ მიიტანეს დანაშაულის ადგილზე იარაღი და ახალგაზრდებს მანქანაში კვალის დაფარვის მიზნით ჩაუდეს.
იმას, რასაც დადგმულ სცენარზე ია მეტრეველი ამბობს, ადასტურებს მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული გადაცემა "პატრულის" ყოფილი ჟურნალისტიც. კომისიის წინაშე გოჩა მუკბანიანია, რომელიც შემთხვევის ადგილზე მაშინ მივიდა, როცა ბუტა რობაქიძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. როგორ გააყალბა მაშინდელმა ხელისუფლებამ 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმე - ჟურნალისტი დანაშაულებრივი სურათის შეცვლის ოპერაციის დეტალებს კომისიას უყვება.
ეს ერთი ფაქტი და ერთი ოჯახის ტრაგედიაა, თუმცა არა გამონაკლისი. წინა ხელისუფლების ქმედებებმა სასტიკი კვალი ასეულობით ადამიანს დაუტოვა. მეთერთმეტე სხდომაზევე, საგამოძიებო კომისიის წინაშე ეგრეთ წოდებული "ზილების რევოლუციის" საქმის მოწმეები არიან. ცემა, წამება, შვილებზე მუქარა - როგორ მოაწერინეს ცრუ ჩვენებზე ხელი ბესიკ და ლერი ბერიტაშვილებს - წარსული საკანონმდებლო ორგანოში ბიძაშვილებმაც გაიხსენებს. ბერიტაშვილები იმ 8 პირს შორის არიან, რომლებიც 2011 წელს დააკავეს. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ორგანიზებულ ჯგუფს მაისის საპროტესტო აქციების დროს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის- ირაკლი ოქრუაშვილისთვის სამხედრო მხარდაჭერა უნდა აღმოეჩინა.
დაკავება, საპატიმროში ყოფნა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები - ამავე საქმეზე კომისიის წინაშე წარსულს, ნიკოლოზ ჯანჯალაშვილი და ლევან ტერაშვილი იხსენებენ.
საგამოძიებო კომისიას თანამშრომლობაზე უარს ეუბნებიან ნიკა გვარამია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თუმცა პროცესი გრძელდება. კომისია იმ გახმაურებული საქმით ინტერესდება, რომელზეც წარსულში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა დაადგინა და ხელახალი გამოძიების ჩატარება მოითხოვა. პარლამენტში მიდის 2008 წლის აგვისტოში, ქობულეთის გზაზე ჩაცხრილული სერჟანტის, როინ შავაძის მეუღლე.
ციცინო შავაძე მძიმე ისტორიას იხსენებს, რომელიც 17 წლის წინ იწყება და ოჯახისთვის ამ დრომდე გრძელდება. ომგამოვლილი სერჟანტის მეუღლე საკანონმდებლო ორგანოში ჰყვება, როგორ დაბრუნდა როინ შავაძე აგვისტოს ომიდან სახლში, როგორ განვითარდა მოვლენები 14, 15 და 16 აგვისტოს, როგორ გაიტაცეს ნაწამები სერჟანტი ქობულეთის მიმართულებით და როგორ ჩაცხრილეს გზის პირზე კალაშნიკოვის ავტომატებით.
40-მდე ცეცხლსასროლი ჭრილობა და ფიზიკური დაზიანებები, რომელიც გარდაცვალებამდე ძალადობის შედეგად ჰქონდა მიყენებული - ეს როინ შავაძის ექსპერტიზის დასკვნის შედეგებია. სერჟანტის მეუღლე წარსულთან ერთად აწმყოზეც საუბრობს და ჰყვება, თუ როგორ ემუქრებიან და აშანტაჟებენ მის ოჯახს.
კომისიის კვლევის საგანი წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი მხოლოდ სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები არაა - პარლამენტის სამუშაო ჯგუფი ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმეებითაც ინტერესდება. პარლამენტში ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა უმაღლესი სასწავლებლის ქონების მითვისების დეტალებს იხსენებს, ბრალდებების მთავარი ადრესატები კი ყოფილი პრეზიდენტი და მისი დედა გიული ალასანია არიან. რექტორი და კანცლერი კომისიას დეტალურად უყვებიან, თუ როგორ აუწყო მაშინდელმა პრეზიდენტმა საკუთარ დედას ბიზნესი და როგორ მოხვდა უნივერსიტეტის ქონება გიული ალასანიას ხელში.
11 აპრილი, 2025 წელი - საგამოძიებო კომისიის წინაშე 21 წლის წინ სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები ცოცხლდება. ვარდების რევოლუციიდან ოთხ თვეში, "ნაციონალური მოძრაობა" პირველ ოპერაციას ატარებს. ორი მოკლული, ორი დაკავებული, გადამწვარი სახლი და ეს ყველაფერი 4 მცირეწლოვანი ბავშვის წინაშე - კომისია აფრასიძეების ოჯახის ისტორიას ისმენს.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიდიან ტყვიებსა და სიკვდილს შემთხვევით გადარჩენილი ლედი და გიორგი აფრასიძეები, სოფელ ეცერში ჩატარებული ოპერაციის დროს დაკავებული შმაგი აფრასიძის შვილები. ჰყვებიან საკუთარი თვალით ნანახზე, შემთხვევით გადარჩენასა და იმ უმძიმეს გზაზე, რომლის გავლაც ოჯახს მოუწია.
სპეცოპერაციას შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი, გიორგი ბარამიძე პირადად ხელმძღვანელობდა. ოჯახი მთავარ დამკვეთად მიხეილ სააკაშვილს აცხადებს. საქმეში ფიგურირებენ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილიც. ოჯახი ამტკიცებს, რომ მათ იმ დროს გაუხსნელი დანაშაულების დაბრალება სწორედ აფრასიძეებისთვის უნდოდათ.
საგამოძიებო კომისიის კანონიერ მოთხოვნაზე უარს ამბობენ და პარლამენტში არ მიდიან გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია. სამუშაო ჯგუფი კი კვირის ბოლო სხდომაზე ბუტა რობაქიძის მამასაც უსმენს. სოსო რობაქიძე წინა ხელისუფლების უკანონო ბრძანებებსა და დადგმულ სცენარზე საუბრობს. ყველას მძიმე ისტორიები აერთიანებს, რომელიც არც საშინელებათა ფილმის სცენარია და არც ფანტასტიკის ჟანრი - ეს უახლესი ისტორიის ის ნაწილი და რეალობაა, რომელიც ოჯახებმა "ნაციონალური მოძრაობის" დროს საკუთარ თავზე გამოცადეს. ნანახსა და თავს გადახდენილ საზარელ ამბებს კი ეს ადამიანები ახლა საგამოძიებო კომისიაზე ჰყვებიან.