სასკოლო გარემოს გაუმჯობესება, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების გაძლიერება, მასწავლებელთა და მოსწავლეთა პროფესიული განვითარება - ეს არასრული ჩამონათვალია, იმ მიმართულებებისა, რომელსაც ზოგადი განათლების ახალი ხედვა მოიცავს. სიახლეები განათლების მინისტრმა დღეს სასკოლო საზოგადოებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განიხილა.
განათლების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი STEM განათლების განვითარებაა, რაც საბუნებისმეტყველო საგნების და კომპიუტერული ტექნოლოგიების გაძლიერებულ სწავლებას გულისხმობს.
ზოგადი განათლების ახალი ხედვის მიხედვით, განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო, პროცესში კი, მასწავლებლებთან და ექსპერტებთან ერთად, მშობლებიც ჩაერთვებიან. საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების ინტეგრირებაც სამინისტროს ახალი ხედვის ნაწილია.
ზოგადი განათლების ახალი ხედვა, მინისტრთან ერთად, პარლამენტის წევრებმა, ექსპერტებმა და სკოლის დირექტორებმა განიხილეს.