
277 უკრაინელი სამხედრო აღდგომას ოჯახში შეხვდება. დღესასწაულის წინ მოსკოვმა და კიევმა არაბეთის გაერთიანებული საამიროების შუამავლობით ტყვეები გაცვალეს.
რუსეთის პრეზიდენტმა სააღდგომო ზავიც გამოაცხადა. ვლადიმერ პუტინმა დროებით ყველა სამხედრო მოქმედების შეწყვეტის ბრძანება უკვე გასცა.
თუმცა, ამ განცხადებამდე, დღეს დილით, მოსკოვმა უკრაინის ქალაქებზე იერიში 8 რაკეტითა და 87 დრონით მიიტანა. თავდასხმები ოდესის, ხარკოვის, სუმის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე განხორციელდა. დღის მეორე ნახევარში კი, მოსკოვმა დრონები კიევის მიმართულებით გაუშვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინი ადამიანების სიცოცხლით თამაშში დაადანაშაულა.
ველზე ცეცხლი არ წყდება, მშვიდობისთვის მოლაპარაკება კი ჩიხში შედის. გაბრაზებულია დონალდ ტრამპი, რომლის გეგმაც დიდი ხანია მაგიდაზეა, თუმცა ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეთანხმებას არ ჩქარობენ. ამერიკის პრეზიდენტის მოთმინება კი იწურება - შტატები მალე უარს იტყვის უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე, თუ პროგრესის მკაფიო ნიშნები არ იქნება - აცხადებს ტრამპი და მხარეებს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომი, ამერიკის ომი არ არის.
სანამ ომში მყოფი ქვეყნებისგან პასუხებს მოისმენს, დონალდ ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად მცდელობებს არ წყვეტს. სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა ტელეფონით ამერიკის 47-ე პრეზიდენტი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს.
სატელეფონო საუბარი შედგა შტატების სახელმწიფო მდივანსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორის. მარკო რუბიომ მარკ რუტეს დონალდ ტრამპის პოზიცია გადასცა, რომ თუ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა შეუძლებელი იქნება, მაშინ ამერიკა სამშვიდობო მცდელობებს ჩამოშორდება.
გამოცემა "ბლუმბერგი" წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ მზად არის, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის კონტროლი აღიაროს. თუმცა, მედიის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას არც ამერიკული და არც რუსული მხარე ადასტურებს.