21 მაისი 2025,   19:59
ვრცლად
ჩხრეკა ფონდების დამფუძნებლების საცხოვრებელ მისამართებზე - არასამთავრობო სექტორი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს, მმართველი გუნდი კი გამოძიების შედეგებს ელოდება

საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთან დილის 8 საათისთვის გამოჩნდნენ. გენერალური პროკურატურის და სუს-ის თანამშრომლებმა, ჟურნალისტს სასამართლოს განჩინება გააცნეს და ჩხრეკის დაწყებამდე შესაბამისი პროცედურები განუმარტეს.

სამართალდამცველების მისვლიდან მალევე, ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელ მისამართზე მივიდნენ ადვოკატებიც. უფლებადამცველები ჩხრეკის პროცედურას ადგილზე თავადაც ესწრებოდნენ.

ჟურნალისტის საცხოვრებელი სახლი გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა და სამართალდამცველებმა 7 საათის შემდეგ დატოვეს. საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ნანუკა ჟორჟოლიანს ჩატარებული ჩხრეკის შესახებ "კურიერთან" არ უსაუბრია. სამართალდამცველების წასვლამდე ცოტახნით ადრე, მან სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები, მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის საცხოვრებელ სახლშიც იმყოფებოდნენ.

საცხოვრებელ მისამართზე მოგვიანებით მივიდა თავად მარიამ გეგუჩაძე. ის ერთ-ერთი დაყადაღებული ფონდის - "სირცხვილიას" წევრია. თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ აქვს საგამოძიებო უწყებას შეკითხვები ორგანიზაციასთან, რომელიც თითქმის 2 წელია აღარ ფუნქციონირებს.

ხმაური და დაპირისპირება ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთან მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე აქტივისტები მივიდნენ. ისინი საცხოვრებელ კორპუსში შესვლას ითხოვდნენ, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის გამო, სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. ნანუკა ჟორჟოლიანის მხარდასაჭერად, მის სახლთან დილიდან შეიკრიბნენ პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები. მათი თქმით, დაწყებული გამოძიების მიზანი საზოგადოების დაშინება და საპროტესტო მუხტის ჩახშობაა.

პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩხრეკა ერთდროულად 6 მისამართზე ჩატარდა. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ფონდის "ერთმანეთისთვის" დამფუძნებელ გუგა ხელაიასთან და "ფროსფერითის " დამფუძნებლის ლაშა არველაძის სახლებშიც. საგამოძიებო უწყებამ მობილური ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი ამოიღო "სირცხვილიას" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მარიამ ბაჯელიძის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ განჩინება დღეს "ადამიანის უფლებათა სახლის" ერთ-ერთ წევრს ალეკო ცქიტიშვილისაც გააცნეს.

პროკურატურამ, საცხოვრებელ მისამართებზე ჩხრეკა, საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩაატარა. საქმე "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე აღიძრა, გამოძიების ფარგლებში კი 5 ფონდის - ნანუკას, ნიკა გილაური "ფროსფერითის", "ერთმანეთისთვის", "სირცხვილიას" და "ადამიანის უფლება სახლის" საბანკო ანგარიშები დაყადაღდა.

დილიდან დაწყებულ საგამოძიებო მოქმედებებს საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მესამე სექტორის ნაწილი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.

გამოძიების შედეგებს ელოდება მმართველი გუნდი. "ქართული ოცნებაში" განმარტავენ, რომ დაყადაღებული ფონდების მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა იყო. "ქართულ ოცნებას" ამის დასტურად საპროტესტო აქციებზე განვითარებული მოვლენები მოჰყავს.

გენერალური პროკურატურა 4 თვის განმავლობაში 5 ფონდის მიერ შესრულებულ ტრანზაქციებს სწავლობს. საუბარია 2 მილიონ ლარზე, რომელიც ფონდების დამფუძნებლებმა საპროტესტო აქციებისთვის საჭირო ინვენტარისა და ადმინისტრაციული ჯარიმების დასაფარად დახარჯეს. საგამოძიებო მოქმედებების შესახებ პროკურატურამ დღეს განცხადებაც გაავრცელა, სადაც უწყება ამბობს, რომ ჩხრეკა ყველა მისამართზე სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარდა.

დღის ამბები