10 აგვისტო 2026,   08:40
ვრცლად
ომის 1164-ე დღესაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეტევებს განაგრძობს - ომის დასასრულებლად, აშშ რუსეთისა და უკრაინისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს

ომის 1164-ე დღესაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეტევებს განაგრძობს. ომში მყოფი ქვეყნის საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპანტმა უკრაინის მიმართულებით "ისკანდერ-მ-ის" ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა და სხვადასხვა ტიპის 183 დრონი გაუშვა. დაზარალდა ხარკოვის, სუმის, დონეცკისა და ნიკოლაევის ოლქები.

საცხოვრებელ კორპუსებზე იერიშების შედეგად, ხარკოვში, 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

უკრაინელების მიერ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრობს რუსული მხარე. კრემლი ამტკიცებს, რომ უკრაინამ დრონების გამოყენებით ნოვოროსისკს შეუტია. მათივე ცნობით, დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. თავდასხმასთან დაკავშირებით ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია უკრაინას.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინმა სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. უკრაინული მხარე თანახმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ცეცხლის შეწყვეტა 30 დღეს გასტანს. ზელენსკი 9 მაისის აღლუმზე უცხო ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ზელენსკის მუქარით პასუხობს.

8 მაისს კი, უკრაინა შეერთებულ შტატებთან იშვიათ მინერალებზე თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტის რატიფიცირებისთვის ემზადება. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის 310 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ომში მყოფი ქვეყნისთვის F-16 გამანადგურებლების გამოყენებასთან დაკავშირებულ წვრთნებსა და ტექნიკურ მომსახურებას გულისხმობს. ვოლოდიმირ ზელენსკი, პარტნიორებს დახმარებისკენ მოუწოდებს.

კრემლზე ზეწოლის გასაძლიერებლად ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები შეიმუშავეს - ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. სანქციების სამიზნედ დასახელებულია რუსეთის სახელმწიფო ენერგოგიგანტი "გაზპრომი" და რამდენიმე მსხვილი ორგანიზაცია.

ევროპის კონტინენტზე ომის დასასრულებლად, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის და უკრაინისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. მოლაპარაკებების ხანგრძლივი და რთული პროცესი, ჯერ კიდევ გრძელდება.

ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები