07 აგვისტო 2026,   03:15
ვრცლად
ქუთაისის პირველი გიმნაზია - არქიტექტურულად დახვეწილი, გამორჩეული და დიდი ისტორიის მქონე შენობა

ბავშვობას დიდი ისტორიის მქონე შენობის კედლებში ატარებენ. მათ ქალაქსა და ამ ერთ სკოლაში ორი საუკუნის განმავლობაში იმდენმა გამოჩენილმა ადამიანმა ისწავლა, რომ ანალოგის მოძებნა მსოფლიოშიც კი რთულია.

ამაყობენ, რომ მათი მერხები და საკლასო ოთახები იქ დგას, სადაც ერთ დროს ცისფერყანწელები ანბანს სწავლობდნენ, ექვთიმე თაყაიშვილი - მათემატიკას, აკაკი წერეთელი - უცხო ენებს, აკაკი შანიძე - გრამატიკას...

პირველი სკოლის მოსწავლეები განაგრძობენ ისტორიას, რომელიც 200 წლის წინ, ქუთაისში, რიონის პირას იწერებოდა.

ქუთაისი, მე-19 საუკუნე, მეფეთუბანი, ოქროს ჩარდახის სიახლოვეს, დიდი, ორსართულიანი შენობის აგება იწყება.

უძველესი ისტორიის მქონე ქალაქში იმ ხანებში, როცა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება სათავეებს იღებდა, 1830 წელს სამაზრო სასწავლებელი გაიხსნა, რომელიც, ქუთაისის გუბერნიის შექმნასთან ერთად, ვაჟთა გიმნაზიად გადაკეთდა, მოგვიანებით კი - კლასიკურ გიმნაზიად. სასწავლებელი თავდაპირველად პოლკოვნიკ წერეთლის სახლში იყო განთავსებული. შემდეგ წლებში, ლუკაშევის პროექტით, კიდევ ერთი დიდი შენობა მიამატეს. 1918 წელს კლასიკური გიმნაზიის გაუქმების შემდეგაც შენობებს ფუნქცია არ შეუცვლია. ქუთაისი აკაკი წერეთლის სახლობის პირველი სკოლა არსებული კლასიკური გიმნაზიის მემკვიდრეა, ამ კედლებში ისევ ცოდნის ტაძარია.

გიმნაზიის საუკუნეებისწინანდელ ქრონიკებს გვიყვება პედაგოგი ლალი მიქაძე, რომელიც თითქმის 40 წელია ამ ისტორიულ სკოლაში მუშაობს.

კლასიკური გიმნაზია - სახელი იმიტომ დაერქვა, რომ აქ კლასიკურ ენებს გაძლიერებულად ასწავლიდნენ, მაგალითად - ძველ ბერძნულს. ეს არის ერთადერთი სასწავლებელი, სადაც სწავლა ორი საუკუნის განმავლობაში არასოდეს შეწყვეტილა. სასწავლებელს ჰქონდა სამლოცველოც. ქუთაისის გენერალ-გუბერნატორიც სტუმრებს ამ ოთახში მასპინძლობდა.

ლალი მიქაძემ გიმნაზიის ყველაზე ცნობილი მოსწავლეების შესახებ დოკუმენტები, მათი ხელნაწერები, ნიშნების ფურცლები, ქების სიგელები შეაგროვა და სკოლის ერთ-ერთი ოთახი მუზეუმად აქცია. ასე უნახავს მომავალ თაობებს ცოდნას სკოლის შესახებ, რომლითაც მთელი ქუთაისი კი არა, ქვეყანა ამაყობს. უნიკალური მუზეუმის კარი "კურიერი P.S.-ისთვის" გაიღო.

მე-19 საუკუნის ბოლოსთვის ქუთაისის გიმნაზია ქვეყანაში ერთადერთი საშუალო სასწავლებელი იყო. აქ ისწავლეს და გაატარეს ბავშვობის წლები ისეთმა დიდმა ადამიანებმა, რომლებმაც ეროვნული სულისკვეთების გაღვივებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს და შემდეგ წლებში ქვეყნის განვითარების ისტორიის დიდ ფურცლებზე თავისი კვალიც დატოვეს.

სწავლა ძვირი ღირდა. გიმნაზიას ჰქონდა საერთო საცხოვრებელიც. შემორჩენილია კვების მენიუც. მოსწავლეები ატარებდნენ უნიფორმებს, ქუდებსა და სამკერდე ნიშნებს. სამკერდე ნიშნები ეკეთა აკაკი წერეთელსაც, როცა გიმნაზიის მოსწავლე იყო და დაწყებით კლასებში ქართველი მგოსნის ნიჭს ვერც კი ამჩნევდნენ.

გიმნაზიაში მკაცრი წესები მოქმედებდა. აკაკი წერეთელი "ჩემს თავგადასავალში" აღწერს, როგორ სჯიდნენ იმ ბავშვებს, რომლებიც ქართულად ერთ სიტყვას მაინც იტყოდნენ. იმ დროში ქართული ენა იმდენად იყო დაკნინებული და განდევნილი, რომ გაკვეთილი უტარდებოდათ შაბათს, მოსწავლეს მედალსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევდნენ, თუკი რუსულად უზადოდ ისაუბრებდა.

საინტერესოა, ქართველი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის გიმნაზიაში მოხვედრის ამბავიც. მას ოზურგეთში ჰქონდა 4-კლასიანი სასწავლებელი დამთავრებული და სურდა, სწავლა გიმნაზიაში გაეგრძელებინა, თუმცა ამის საშუალება ოჯახს არ ჰქონდა. ბოლოს პატარა ექვთიმემ ძმას სთხოვა, რომ ქუთაისში ჩაეყვანა. დაწყებით კლასებში შერეული ნიშნები ჰქონდა, მოგვიანებით კი იმდენად კარგად სწავლობდა, სტიპენდიაც კი დაუნიშნეს, ამისთვის სიღარიბის ცნობა ჩამოიტანა ოზურგეთიდან.

ვაჟთა გიმნაზიის მოსწავლეებმა აკაკი წერეთელს იუბილეც გადაუხადეს. მგოსანი აკაკი შანიძეს დაუპატიჟებია. 

ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი - ამ სკოლის კედლებში ისწავლეს ანბანი ცისფერყანწლებმაც. გიმნაზიის ბაღში ცისფერყანწელები 700-წლოვან ჭადართან იკრიბებოდნენ, სადაც ახალგაზრდა პოეტები, ხშირად, ხის ტოტებზე შემომსხდრები, იმერული ქალაქიდან სახალხოდ კითხულობდნენ ლექსებს. ასე, მთელი ქუთაისს პოეზიას აზიარებდნენ.

გიმნაზია დაამთავრეს ძმებმა ნიკურაძეებმა - "პორშეს" ქარხანაში ივანე ნიკურაძის მიერ შექმნილ ინჟინერიას ახლაც იყენებენ, მისი ძმა ქართველი შინდლერის სახელწოდებით არის ცნობილი, რომელმაც არაერთი ებრაელი გადაარჩინა საკონცენტრაციო ბანაკს.

გიმნაზიაში სწავლობდა ბაღდათში დაბადებული რუსი პოეტი და დრამატურგი ვლადიმერ მაიაკოვსკი, რომელიც სკოლაში 6 წელი სწავლობდა. სკოლა საბჭოთა პერიოდში მის სახელსაც ატარდება. 1995 წელს გიმნაზიას მიენიჭა აკაკი წერეთლის სახელი.

გიმნაზიის შენობის არქიტექტურაც გამორჩეულია - ახალი, ძირითადი კორპუსი ხაზგასმული მონუმენტურობით გამოირჩევა და კლასიცისტური ელემენტებითაა შემკული. ისტორიული გიმნაზიის შესასვლელთან გარე ფასადზე გხვდება ორი მთავარი ფილა, სადაც არასრული ჩამონათვალია იმ ადამიანებისა, ვისაც აქ ოდესმე უსწავლია და ეს კარი შეუღია. მათ შორის არიან მამია გურიელი, ნიკო ნიკოლაძე, ნიკო მარი, დუტუ მეგრელი, ნიკო ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი, დიმიტრი უზნაძე...

მათ დაწყებულ ისტორიას ამ ისტორიულ კედლებში ახლა ახალი მოსწავლეები განაგრძობენ - პირველმა სკოლამ თაობები გაზარდა. მათთვის ეს შენობა ცოდნის ტაძარია და საკრალური ადგილიც კი.

ისტორიული სკოლით მთელი ქვეყანა ამაყობს, მაგრამ იმერულ ქალაქში გიმნაზიით კიდევ უფრო განსაკუთრებულად იწონებენ თავს. ქუთაისში, ბაღში შეკრებილები, გვიყვებიან ამბებს წარსულიდან. ამაყობენ, რომ მათ ქალაქში იმდენი გამოჩენილი ადამიანი დადიოდა, რამდენიც არსად.

გასულ საუკუნეში გიმნაზიელი ვაჟები გვირილებს რომ უკრეფდნენ გოგონებს, რომლებიც მერე ქველმოქმედებისთვის ქალაქის ქუჩებში სიმბოლურ ფასად ყიდდნენ ყვავილებს, იმისთვის, რომ გაჭირვებულები და მძიმე სენით დაავადებული ადამიანები გადაერჩინათ - ასე დაიბადა ქუთაისში გვირილობის დღესასწაული და ასე ცოცხლდება რიონისპირა ქალაქში წარსული.

სახალხო ზეიმი ჯერ ქუჩებში იწყება, მღერიან, ცეკვავენ, მოგვიანებით კი შინ გადაინაცვლებენ და იმერულ სუფრასთან სტუმრებიც და მასპინძლებიც ერთად იყრიან თავს. ქუთაისის უნიკალურ ისტორიას და საუკუნოვან ტრადიციას სიამაყით, მრავალხმიანობით გაიხსენებენ...

დღის ამბები