12 მაისი 2025,   18:13
ვრცლად
"ბუპრენორფინი", ჰეროინი, "ალფა-პვპ", გამომშრალი მარიხუანა და მარიხუანას კულტივაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობები - ნარკორეალიზაციის ბრალდებით შსს-მ 7 პირი დააკავა

50 წლის მამაკაცი, რომელიც თბილისში ნარკოტიკებს პირდაპირ საცხოვრებელი სახლიდან ყიდდა, უკვე დაკავებულია. რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ერთ-ერთია იმ შვიდ პირს შორის, რომელსაც ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხელბორკილები დაადეს.

გამსაღებლები, ე.წ. კურიერები და მყიდველები - სხვადასხვა ეპიზოდზე დაკავებული პირების ჩხრეკისას ამოღებულია "ბუპრენორფინი", "ჰეროინი", "ალფა-პვპ", "გამომშრალი მარიხუანა" და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.

ერთ-ერთი დაკავებულის ახლობლებს კამერის წინ საუბარი არ სურთ. ადვოკატი კი არ უარყოფს, რომ ბრალდებული ე.წ. კურიერის ფუნქციას ასრულებდა. უფლებადამცველი ირწმუნება, რომ 20 წლის ახალგაზრდამ არ იცოდა, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე ნარკოტიკებს ათავსებდა.

დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს ნარკოტიკებით ვაჭრობაში მხილებული კიდევ ერთი პირი. მასთან პოლიციამ რამდენიმე საკონტროლო შესყიდვა განახორციელა, პროცესი კი ფარულად ჩაიწერა.

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს ნარკოტიკების შემცველი მცენარის კულტივაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობებიც. სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულია ელექტრო სასწორი და პოლიეთილენის პარკები.

დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა. მათ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დღის ამბები