10 აგვისტო 2026,   01:34
ვრცლად
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროები ამოქმედდა

შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებში, მადნის მოპოვების 14-თვიანი იძულებითი შეწყვეტის შემდეგ, სამუშაო პროცესი განახლდა.

"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" ინფორმაციით, ორივე ობიექტზე ეტაპობრივად ჩატარდება აღდგენითი და გადამაგრებითი სამუშაოები. კომპანიაში განმარტავენ, რომ შუქრუთის მაღაროში ინფრასტრუქტურული მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია, რის გამოც აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე თვე გაგრძელდება. კოროხნალის მაღაროზე კი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია და სამუშაოების დასრულება მოკლე ვადებშია მოსალოდნელი.

“დღეს შევედით შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებში და დავიწყეთ მუშაობა. მადლობა მაღაროელებს, საჭირო სპეციალობის თანამშრომლები სრულად გამოცხადდნენ და შეუდგნენ საქმიანობას. ყველაფერი ნორმალურადაა. ვიმედოვნებთ, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლებთ აღდგენითი სამუშაოების დასრულებას და მაღაროები გადავლენ მადნის მოპოვების პროცესზე”, - განაცხადა ჭიათურის საწარმოების ახალმა მმართველმა, მიხაილ სოცკიმ.

ჭიათურაში აქტიურად მიმდინარეობს საწარმოო პროცესის სრულმასშტაბიანი განახლების პროცესი.

"სამუშაო რეჟიმი უკვე განახლდა მღვიმევის, პერევისას, ითხვისისა და კაციტაძეების მაღაროებში, ასევე მექანიკურ შემკეთებელ საამქროში და ავტო-სატრანსპორტო საწარმოში. ფუნქციონირება განაახლა ახალმა გამამდიდრებელმა ქარხანამ. ყველა მიმართულებით მიმდინარეობს აღდგენითი და ტექნიკური სამუშაოები, მათ შორის დანადგარების ინსპექტირება და მომზადება მადნის მოპოვების პროცესისთვის.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 12 მარტს სოფელ შუქრუთის რადიკალური ჯგუფის მიერ მაღაროების უკანონო პიკეტირებამ მადნის მოპოვება ჯერ 70%-ით შემცირება, შემდეგ კი საწარმოო პროცესის სრულად შეჩერება გამოიწვია.

სამუშაოების ეტაპობრივი განახლების პარალელურად, ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია განაგრძობს უსაფრთხო, ეფექტური და თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული სამთო-მოპოვებითი პროცესის ჩამოყალიბებას", - აცხადებენ კომპანიაში. 

 

დღის ამბები