
მიზანმიმართულ დეზინფორმაციასთან ერთად, სახელისუფლებო გუნდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, უცხოელი დონორების დავალების შესრულებაში ადანაშაულებს. საუბარია "საიას" განცხადებაზე, სადაც ორგანიზაცია ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, არა სისხლის სამართლის, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს. ახალგაზრდა იურისტებს კანონები დღეს, კანონმდებლებმა განუმარტეს და შეახსენეს, რომ ნაკლებად მკაცრი, ანუ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კონკრეტულ პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იქნება.
გავრცელებულ განცხადებაში "საია" ამტკიცებს, რომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საკითხს, ორი ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსი არეგულირებს, კანონი კი არ განსაზღვრავს, რომელს ენიჭება უპირატესობას. ახალგაზრდა იურისტები მიიჩნევენ, რომ კომისიაზე გამოუცხადებლობა, მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით უნდა ისჯებოდეს, რაც მოქალაქის თავისუფლებას ნაკლებად ზღუდავს.
არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიციას, სრულად იზიარებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მმართველი პარტია, კანონმდებლობას მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად იყენებს.
ოპონენტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დღეს მმართველი გუნდიდან მიუთითეს, რომ კანონმდებლობის არასწორ ინტერპრეტაციას თავად ახდენენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სამართლიანი სასჯელია გათვალისწინებული და საწინააღმდეგო მოსაზრებების გავრცელების მიზანი ქვეყანაში არეულობის შემოტანის მცდელობაა.
სისხლის სამართლის საქმეები იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ აღიძრა, ვინც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა.