სახელმწიფო უწყებების გამართული და კოორდინირებული მუშაობა - სწორედ ასე აფასებს მმართველი გუნდი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას. სახელისუფლებო პარტიაში განმარტავენ, რომ წითელი ცირკულარით ძებნილი პირის უვნებლად აყვანა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მორიგი წარმატებული ოპერაციაა და კარგად აჩვენებს, რომ უწყება მაღალი სტანდარტის დაცვით მოქმედებს.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს, ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, სადახლოსა და წითელ ხიდს შორის, ე.წ მწვანე საზღვარზე დააკავა. მმართველი გუნდის ოპონენტები, ბაჩიაშვილის საქმეში პოლიტიკურ ინტერესს ხედავენ.
2025 წლის მარტის დასაწყისში, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო ფარულად დატოვა. პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ძებნილად გამოაცხადა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, საქალაქო სასამართლომ, კრიპტოვალუტის საქმეზე, გიორგი ბაჩიაშვილს, დაუსწრებლად 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და ფულის გათეთრებაში. ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კიდევ ორი საქმეა აღძრული. საზღვრის უკანონო კვეთასთან ერთად, მას თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელობის პერიოდში, "მტკვარი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ედავებიან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მიმალვის მცდელობის მიუხედავად, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს.
გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე გამოძიება, სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება.