პარლამენტში დღეს მესამე მოსმენით იმსჯელებენ ცვლილებაზე, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას ეხება. საკითხს კანონმდებლები განათლებისა და მეცნიერების კომიტეტზე განიხილავენ.
მშობლიური ენის სწავლება უნივერსიტეტებში 2005 წელს გაუქმდა. დღემდე ის სავალდებულო მხოლოდ ფილოლოგიის ფაკულტეტისთვის არის. მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას ამ ცვლილების მნიშვნელობაზე.
"მიმდინარე წლის სექტემბრიდან, უმაღლესი სასწავლებლების პირველ საბაკალავრო საფეხურებზე, ყველა ქართულენოვან სექტორში უნდა დაბრუნდეს სავალდებულო წესით ქართული ენის სწავლება. როდესაც ასეთ პატარა ერზე, მის ენაზე არის საუბარი - აქ ყველამ ყველანაირი ძალისხმევა უნდა განახორციელოს იმისთვის, რომ ენის პოპულარიზაციას ყველანაირად ხელი შეუწყოს და არა ის, რომ თავისი თანამდებობრივი მდგომარეობა გამოიყენოს, რაც ეს გაკეთდა 2005 წელს სახელმწიფო ენის საწინააღმდეგოდ", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.