სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა. რეაბილიტაციის ფარგლებში, 3 100 მეტრის სიგრძის ქუჩაზე სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები - განახლდა წყალმომარაგების, წყალარინების და გაზმომარაგების ქსელები. ასევე, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები.
ამ დროისთვის, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს გზის 800 მეტრიან მონაკვეთზე, სადაც უახლოეს დღეებში დაიგება ასფალტის საფარის ბოლო ფენა. პროექტის ჯამური ღირებულება 20 მლნ ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე დასრულდება.