იტალიის ქალაქ მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე დღეს ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას და ვიცე-პრეზიდენტ რაფაელე კატანეოს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-იტალიის ურთიერთობებზე, თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე.
ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ, ბიზნეს დელეგაციასთან ერთად, მალე თბილისს ეწვევა.
"ძალიან მოხარულები ვართ თბილისის მერთან დღევანდელი შეხვედრის. გვახარებს ის ფაქტი, რომ ქალაქ მილანში გაიხსნა საქართველოს საკონსულო, რომელთანაც უკვე გვაქვს საქმიანი ურთიერთობები. როგორც იცით, ლომბარდიის რეგიონი არა მხოლოდ იტალიაში, ევროპის მასშტაბით, ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიის განვითარების მაღალი დონით. შესაბამისად, გვაქვს სურვილი, გავაღრმაოთ ურთიერთობა საქართველოსთან, თბილისთან. დღეს თბილისის მერისგან მივიღეთ შემოთავაზება, ვიმუშაოთ ლომბარდიის რეგიონიდან ბიზნეს დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე თბილისში. მნიშვნელოვანია წინასწარ შეთანხმდეს მხარეებისთვის საინტერესო საკითხები, რათა ეს ვიზიტი იყოს ნაყოფიერი. ასე რომ, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვიმუშაოთ ამ საკითხზე," - განაცხადა ატილიო ფონტანამ.