16 აგვისტო 2026,   11:34
ვრცლად
დახვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ასობით გულშემატკივარი და შეძახილები - საქართველოში ჩამოსულ მერაბ დვალიშვილს საგანგებო დახვედრა მოუწყვეს

ნიუ-ჯერსის შემდეგ თბილისი - სიტყვები, რომლითაც ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელები აალაპარაკა, ამჯერად ქართველი ქომაგებისთვისაც გაისმა. UFC-ის ორგზის ჩემპიონი ამბობს, რომ მისი მიღწევების მთავარი შთაგონება სამშობლოა.

საქართველო რომ მერაბ დვალიშვილისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ამას ყოველი ახალი გამარჯვების შემდეგ "მანქანად" წოდებული ჩემპიონის საკუთარ სამშობლოში დაბრუნებაც მოწმობს. დვალიშვილი მიღწეულ წარმატებას ყოველ ჯერზე თანამემამულეებთან ერთად აღნიშნავს. დღეს, გამარჯვების მისალოცად მებრძოლს აეროპორტში დილაადრიან დახვდნენ. ჩემპიონმა ქართველებს მხარდაჭერისთვის მადლობაც გადაუხადა.

მერაბ დვალიშვილმა მედიასთანაც ისაუბრა და შემდგარი ბრძოლის და მიღწეული წარმატების მთავარი საიდუმლო გაამხილა.

დამსახურებულ ჩემპიონობასთან ერთად, ქართველი გულშემატკივარი დვალიშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეხვედრამაც გააოცა. დღეს მებრძოლმა დონალდ ტრამპთან შემდგარ კომუნიკაციაზე ისაუბრა.

შემდეგი გაჩერება იყო რიყის პარკი, სადაც ჩემპიონს მოწყობილი სცენა და ასობით გულშემატკივარი დახვდა. მერაბ დვალიშვილმა გულშემატკივარს სიტყვით მიმართა. შეკრებილები ჩემპიონით აღტაცებას კამერებთანაც არ მალავენ.

სცენაზე ჩემპიონთან ერთად მისი სტუმრებიც ავიდნენ. ცნობილი ამერიკელი ინფლუენსერი ნინა დრამა ჩვენს ქვეყანაში კონკრეტული მიზნით ჩამოვიდა. მომდევნო ექვსი დღის განმავლობაში საქართველო გაიცნოს და მსოფლიოს გააცნოს. MMA-ის მიმომხილველი აღტაცებასა და გაოცებას ვიზიტის პირველივე დღეს, კურიერს უზიარებს.

დღის ბოლოს მებრძოლმა ქართველ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაც გამართა,სადაც გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან არასპორტული შეკითხვებიც იყო,რაც თავად მერაბ დვალიშვილმა პროვოკაციულად შეაფასა.

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის სტატუსი სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში, უკვე მეორედ, 8 ივნისს მოიპოვა. მებრძოლი გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში საკუთარ სამშობლოში ჩამოვიდა, ზუსტად 6 დღეში კი თავისი გამოცდილების გასაზიარებლად აზერბაიჯანს ეწვევა.

ავტორი: ლუკა ჩანგელია

დღის ამბები