
ნიკა გვარამიას ბორკილები სასამართლო დარბაზის ნაცვლად, რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაადეს. მოსამართლის გადაწყვეტილებიდან მალევე, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა 112-შიც დარეკა და სამართალდამცველებს მისი ადგილსამყოფელი თავად აცნობა.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერს რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან სამართალდამცველებმა ჯერ მოსამართლის განჩინება გააცნეს, შემდეგ კი დააპატიმრეს.
მოსამართლე ნაჭყებიამ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლო პროცესზე ჯერ კიდევ დილით გამოაცხადა, თუმცა ადრესატს ის ადგილზე არ მოუსმენია. სხდომათა დარბაზში ბრალდებულის სკამი დღეს ცარიელი იყო, საკუთარ პროცესს პოლიტიკოსი არ ესწრებოდა. მოსამართლემ პროკურორების შუამდგომლობა სრულად გაითვალისწინა და "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერს, რომელმაც 30 000 ლარიანი გირაო არ გადაიხადა, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა. მსაჯულის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა დაცვის მხარე.
მოსამართლის განჩინების უგულებელყოფა, გირაოს გადახდაზე უარი და სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა - სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, ნიკა გვარამია მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას ცდილობდა, რაც აღკვეთის ღონისძიების სახით, უფრო მკაცრი ზომის გამოყენების საფუძველი გახდა.
ბრალდებული გვარამიას თანაგუნდელები ადასტურებენ, რომ პოლიტიკოსი კანონს მიზანმიმართულად არ დაემორჩილა.
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი და მოქმედი წევრები ამბობენ, რომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
უზენაესი კანონის მიზანმიმართულად დარღვევა, სასამართლოს უპატივცემულობა და ამ გზით ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ნებისმიერ სამართალდარღვევას სამართლებრივი პასუხი მოჰყვება.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს - დანაშაული ჯარიმას ან 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ავტორი: ნანა გოგატაძე