პროკურატურაში თანამდებობის ყოფილი პირებისა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის გამოკითხვები გრძელდება. დღეს გამოკითხვაზე წაღვლის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებელი ვაჟა ლომიძე და ამავე სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი არიან დაბარებულები.
საუბარია საქმეზე, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟს, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებასა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას ეხება. მისი ერთ-ერთი ეპიზოდია, 2019 წელს, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს მოწყობის შესახებ.
ამავე საკითხის განსახილველად, ორშაბათს, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გახარია კიდევ ერთხელ არის დაბარებული.