18 ივლისი 2025,   18:45
ვრცლად
ჰაიფას ცენტრალურ ნაწილში დაშავებულების დახმარებას ცდილობენ - ირანმა ისრაელის საპორტო ქალაქზე თავდასხმა ბალისტიკური რაკეტით განახორციელა

მედიკოსები, მეხანძრე მაშველები და პოლიცია - ჰაიფას ცენტრალურ ნაწილში საგანგებო სიტუაციების მართვის ბრიგადები დაშავებულების დახმარებას ცდილობენ. ირანმა ისრაელის საპორტო ქალაქზე თავდასხმა ბალისტიკური რაკეტით განახორციელა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია ათზე მეტი ადამიანი. ზოგიერთის მდგომარეობა კრიტიკულია. დაზიანებულია მრავალსართულიანი კორპუსები, კერძო სახლები და მეურნეობები, განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ისრაელის მიმართულებით, "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" 25 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, აფეთქებების ხმა ისმოდა იერუსალიმში, თელ - ავივში და ბეერ-შევაში სადაც ბალისტიკური რაკეტა საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ ჩამოვარდა. დაშავდა 6 ადამიანი.

ირანზე დარტყმების სერიას განაგრძობს ისრაელიც. "ცახალის" სამიზნე, ბირთვულ ობიექტები და სტრატეგიული ინფრასტრუქტურა გახდა. აფეთქებულია ათობით სამხედრო და ბირთვული კვლევის ობიექტი.

ირანის ბირთვული პროგრამა ჟენევაში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ირანელ კოლეგასთან განიხილეს. საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა ირანს გადასცა კომპლექსური დიპლომატიური წინადადება, რომლის მიზანიც ისრაელთან კონფლიქტის დეესკალაციაა. ""როიტერი"" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თეირანი შეხვედრაზე მზად არის, განიხილოს ურანის გამდიდრების შეზღუდვის საკითხი. თუმცა განსხვავებულია ოფიციალური პოზიცია. ისლამური რესპუბლიკა ბირთვული პროგრამის დახურვას არ აპირებს.

ოფიციალური თეირანის პოზიცია მიუღებელია ვაშინგტონისთვის. დონალდ ტრამპი ირანს სრული კაპიტულაციისკენ მოუწოდებს და იმეორებს, რომ არ დაუშვებს ქვეყანას ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ჩაერთვება თუ ამ მიზნის მისაღწევად შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ მიმართულ საბრძოლო მოქმედებებში - ტრამპი 2 კვირიან ვადას იღებს.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციის შედეგებზე ევროპას და ამერიკას აფრთხილებს ანკარა. თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ირანსა და ისრაელს შორის ომმა, შესაძლოა, ევროპაში მიგრაციის ნეგატიური პროცესები გამოიწვიოს.

დაპირისპირებას ეხმაურება პარიზიც. საფრანგეთის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები უნდა შეწყდეს.

შეერთებული შტატები ირანში ფორდოს ურანის გამდიდრების ქარხანაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღით დარტყმის შესაძლებლობას დასაშვებად მიიჩნევს. განიხილება ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბების გამოყენებაც. ინფორმაცია დღეს თეთრი სახლის თანამდებობის პირზე დაყრდნობით "ფოქს ნიუსის" კორესპონდენტმა ჯეკი ჰენდრიქსმა გაავრცელა.

დღის ამბები