08 ივლისი 2025,   05:21
ვრცლად
ბიზნესის რეკეტი, ტერორი, შანტაჟი - წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულები დღეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაზარალებულმა მოქალაქეებმა გაიხსენეს

45 წლის პაატა ქარდავა კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის, რომა შამათავას დავალებით 2008 წლის 27 აგვისტოს გაიტაცეს. თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცერს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ზუგდიდის ცენტრში ჩაუსაფრდნენ, იარაღის მუქარით გაიტაცეს, დახვრიტეს, ცხედარი კი ზღვაში გადააგდეს. 17 წლის წინ მომხდარი მძიმე დანაშაულის დეტალები, დღეს, სასტიკად მოკლული პაატა ქარდავას შვილმა გაიხსენა. ქრისტინე ქარდავამ თქვა, რომ მამის მკვლელობას ადგილზე პირადად რომან შამათავა და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნები ხელმძღვანელობდნენ.

2008 წლის აგვისტოში მომხდარი დანაშაულის დეტალები და მოტივი, დღესაც მძიმე გასახსენებელია საქმის პროკურორისთვის, რომელიც პაატა ქარდავას განზრახ მკვლელობის საქმეზე წლების განმავლობაში მუშაობდა. გია კავსაძე ამბობს, რომ გამოძიებამ არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები მოიპოვა, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ დანაშაულს ადასტურებს.

ბიზნესის რეკეტი, ტერორი, შანტაჟი - წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ დანაშაულებს დღეს დაზარალებული მოქალაქეები იხსენებდნენ. 19 წლის წინანდელი მოვლენები დაზარალებულმა ბიზნესმენმა გაიხსენა. ვალტერ შაკაიამ თქვა, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა, რიყის ტერიტორიაზე აშენებული ბიზნესი ჯერ იძულებით დაათმობინეს, მოგვიანებით კი მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყეს. ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან განხორციელებულ რეკეტსა და შანტაჟზე ისაუბრა კიდევ ერთი დაზარალებული ბიზნესმენის უფლებადამცველმა.

დღეს, დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, დავით ბაქრაძის მოსმენა. დიპლომატმა საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების ფაქტებზე ისაუბრა. დაასახელა კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც, მისი თქმით, ანტისახელმწიფოებრივ დანაშაულს ჩადიოდნენ, საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე რეპუტაციულ ზიანს აყენებდნენ და ვიზალიბერალიზაციის პროცესში ხელს უშლიდნენ.

წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების მოკვლევას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია განაგრძობს. საჯარო სხდომების დასრულების შემდეგ, კანონმდებლები დასკვნას წარმოადგენენ.

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი

დღის ამბები