10 აგვისტო 2026,   01:01
ვრცლად
"პრემიერ-მინისტრის ინიციატივა "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდმა გაიზიარა" - არჩილ გორდულაძე ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებზე

პარლამენტი დღეს, ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით, პრემიერის ორ საკანონმდებლო ინიციატივას დაამტკიცებს.

დეპუტატები ცვლილებებს რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით უყრიან კენჭს. მთავრობის ინიციატივით, კერძო სექტორს ეკრძალება ჩანაცვლებითი პროგრამების განხორციელება, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი და რეალიზაცია. ეს საქმიანობები მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება.

პარალელურად, დაჩქარებული წესით მიიღებენ იმ ცვლილებებსაც, რომლებიც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

"პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რა თქმა უნდა, გაზიარებული იქნა "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდის მიერ. შესაბამისი ცვლილებებიც ინიციირებულია ორ ნაწილად. ერთი ნაწილი ეხება ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანას, რომლის ექსკლუზიური უფლებამოსილება ექნება სახელმწიფოს და, ამავდროულად, კერძო, ჩანაცვლებითი თერაპიის საკითხებიც აღარ იქნება შესაძლებელი. შესაბამის პროცესს წარუძღვება მხოლოდ სახელმწიფო.

ამასთან, რიგი ცვლილებებია წარმოდგენილი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც, "მარიხუანასთან" და მცენარე კანაფთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება. ეს არ ეხება მოხმარების ნაწილს. საკითხი ეხება გამკაცრების კუთხით შეძენა-შენახვას-კულტივაცია-გადაგზავნას," - აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

 

დღის ამბები