09 აგვისტო 2026,   23:42
ვრცლად
საგამოძიებო კომისიაზე დღეს სამხედრო მფრინავი გამოიკითხა - საქმე ეხება თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბრძანებას, ემზარ და ნორა კვიციანების სახლებზე იერიშის მიტანის შესახებ 

კვიციანების საცხოვრებელი სახლების განადგურების ბრძანება თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მფრინავმა, 2006 წლის ზაფხულში ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღო. იმედა მაისურაძემ, რომელიც კოდორის ხეობაში დაგეგმილ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდა, 19 წლის წინანდელი მოვლენები დღეს დეტალურად გაიხსენა. თქვა, რომ კვიციანების სახლზე ავიაიერიში ხუთი დამრტყმელი ვერტმფრენითა და უმართავი რაკეტებით უნდა მიეტანათ. მფრინავი იხსენებს, რომ კოდორის ხეობაში დაგეგმილ ოპერაციას, რომელშიც ერთდროულად რამდენიმე დანაყოფი მონაწილეობდა, პირადად ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა.

იმედა მაისურაძის თქმით, მას შემდეგ, რაც სამხედროებმა ოქრუაშვილის დავალება არ შეასრულეს და მას ღიად დაუპირისპირდნენ, კოდორის ხეობაში უკვე მეორედ, 2 ვერტმფრენი გაუშვეს. მიზანი ისევ ნორა და ემზარ კვიციანების სახლის განადგურება იყო. მფრინავი ამბობს, რომ მეორე მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც ის დააკავეს. ყოფილმა ხელისუფლებამ მაისურაძის წინააღმდეგ გამოძიება ღალატის მუხლით დაიწყო.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა ხეობის მკვიდრმა. თორნიკე გერლიანმა ჩხალთის პოლიციაში მომხდარის დეტალები გაიხსენა და თქვა, თუ როგორ აღმოჩნდა ქართველი სამხედროების პირადი მონაცემები, იარაღი, ტყვია-წამალი და ტექნიკა ოკუპანტების ხელში. ადგილობრივი ამბობს იმასაც, რომ კუდის მაღალჩინოსნები პროვოკაციებს აწყობდნენ, რის გამოც მოსახლეობა კოდორის ხეობაში ვეღარ შედიოდა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დღეს ბოლო საჯარო ხდომა გამართა. კანონმდებლები 5 აგვისტომდე დახურულ ფორმატში იმუშავებენ, შემდეგ კი დასკვნას დადებენ.

 

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი

დღის ამბები