ალექსანდრე ახვლედიანის სახლში თორნიკე რიჟვაძის სტუმრობა, ადვოკატის თქმით, მეგობრული შეხვედრა იყო და, შესაბამისად, მისთვის საუბრის შინაარსიც უცნობია. ლალი აფციაურმა დღეს ჟურნალისტებთან მხოლოდ საქმის მასალებზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დეტალებზე გაამახვილა ყურადღება.
ადვოკატის თქმით, გასროლა სტუმრების ოთახში მოხდა, იმ დროს, როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ახვლედიანი სააბაზანოში იმყოფებოდა. ინტერესების დამცველი ჰყვება, რომ თვითმკვლელობის მცდელობამდე თორნიკე რიჟვაძე სახლიდან ეზოში გავიდა, ფანჩატურიდან, აიღო ჩანთა, რომელშიც ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი იდო და მალევე უკან დაბრუნდა. ირკვევა, რომ რიჟვაძის გადაადგილების ეს ეპიზოდი, ახვლედიანის საცხოვრებლის ეზოში დამონტაჟებულმა კამერებმაც გადაიღეს. ჩანაწერები სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს.
ცნობილია, რომ საზღვაო ტრანსპორტის ხელმძღვანელი მისთვის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება, ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული ახვლედიანი არ ადასტურებს, იმ ფაქტს. რომ მის საკუთრებაში არსებული იარაღი დაუდევრად ჰქონდა დატოვებული.
რა მოხდა საგარეჯოში, ჯაფარიძის ქუჩაზე - ამ კითხვაზე საბოლოო პასუხს გამოძიება უახლოეს დღეებში გასცემს. უკვე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კი თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე, ეტაპობრივად დამატებით დეტალები ხდება ცნობილი.
პროკურატურამ დღეს თვითმკვლელობის მცდელობამდე მომხდარი კონკრეტული ეპიზოდები გაასაჯაროვა. გამოძიებამ დაადგინა, რომ 6 ივლისს თორნიკე რიჟვაძე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან სტუმრად იმყოფებოდა. ღამის 02:10 საათიდან 02:30-მდე ინტერვალში თორნიკე რიჟვაძემ, ახვლედიანის სახელზე რეგისტრირებული "გლოკის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი შემინული ფანჩატურიდან მალულად გამოიტანა. სტუმრების ოთახში შეიტანა და თვითმკვლელობის მიზნით, გულ-მკერდის არეში მიბჯენით ისროლა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ახვლედიანი ცეცხლსასროლ იარაღს, რომლითაც რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, დაუდევრად ინახავდა.
გულ-მკერდში, მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით ყოფილი მაღალჩინოსანი, ჯერ საგარეჯოში, კლინიკაში თავად ალექსანდრე ახვლედიანმა, საკუთარი ავტომობილით მიიყვანა. რამდენიმე საათში კი, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოდან უკვე თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას ფილტვი აქვს დაზიანებული.
თორნიკე რიჟვაძის, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საგარეჯოში ჯაფარიძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები გუშინ გვიან ღამით დასრულდა. ექსპერტ-კრიმინალისტებმა ალექსანდრე ახვლედიანის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებები გამოიტანეს. ყველა მტკიცებულებას ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება. მათ შორის, "კურიერის" ინფორმაციით, კალიგრაფიული ექსპერტიზა ტარდება იმ წერილზეც, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა.