07 აგვისტო 2026,   08:53
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტი სენატისგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი კანონპროექტის მიღებას ელოდება - მარკო რუბიო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ტრამპი რუსეთით იმედგაცრუებულია

თეთრი სახლიდან სატელეფონო კომენტარი "ენ ბი სის" კორესპონდენტმა მოისმინა - შტატების პრეზიდენტი სენატისგან რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების ახალი კანონპროექტის მიღებას ელოდება. ამბობს, რომ უკრაინაზე თავდასხმების გამო რუსეთით იმედგაცრუებულია და კრემლთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადების გავრცელებას აანონსებს.

სენატში უკრაინის მხარდამჭერი კანონპროექტის მიღებამდე, დონალდ ტრამპი პირველად გამოიყენებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას და უკრაინას შეიარაღებას გაუგზავნის. ინფორმაცია წყაროზე დაყრდნობით "როიტერსმა" გაავრცელა. ცნობილია ისიც, რომ შტატებისგან უკრაინისთვის იარაღის შეძენას NATO გეგმავს. სახელმწიფო დეპარტამენტში დაადასტურეს, რომ შეიარაღების მიწოდების საკითხზე ვაშინგტონს და კიევს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

კიევთან და მოსკოვთან მიმართებით ვაშინგტონის მოსალოდნელი ნაბიჯების შესახებ, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კუალა-ლუმპურში, რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. მარკო რუბიომ განმარტა, რომ ამერიკის მიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებში გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, პროცესში წინსვლა არ არის, რამაც ტრამპის რუსეთით იმედგაცრუება გამოიწვია.

ოფიციალური ვაშინგტონის მიერ რუსეთთან მიმართებით დაანონსებულ ნაბიჯებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია მოსკოვი. მარკო რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვმა მხოლოდ ის თქვა, რომ უკრაინაში ომზე, ამერიკულ მხარეს, რუსეთის ახალი კონცეფცია გააცნო.

უკრაინაში ომის 1234 დღეა, ოკუპანტმა ოდესის, ხარკოვის, სუმის და ლიპეცკის ოლქები დაბომბა. რუსეთის აგრესიის მთავარი სამიზნე ისევ მშვიდობიანი მოსახლეობაა. არის მსხვერპლი. გაეროს მონაცემებით ერთ თვეში ქვეყანაში თავდასხმების შედეგად 232 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაშავებულია ათასზე მეტი.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები