10 აგვისტო 2026,   05:05
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნის შესაბამისად, რუსთაველის გამზირი დღეს რამდენიმე წუთით ისევ გადაიკეტა - პარლამენტის წინ საგამოძიებო ექსპერიმენტები უკვე მეორე კვირაა ტარდება

სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნის შესაბამისად, რუსთაველის გამზირი დღეს რამდენიმე წუთით ისევ გადაიკეტა. პარლამენტის წინ საგამოძიებო ექსპერიმენტები უკვე მეორე კვირაა ტარდება. მეორე დღეა, 20 ივნისის ღამის ქრონოლოგიას, საპოლიციო ღონისძიებების დროს დაზარალებული ჟურნალისტები იხსენებენ. ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა ინსტანციამ მკაფიოდ თქვა, რომ 2019 წლის ივნისში სახელმწიფოს რეაგირება ადეკვატური იყო, თუმცა, პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიუთითა.

6 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე საპოლიციო ღონისძიების დროს დაშავებული ჟურნალისტების ინტერესებს საია იცავს. ადვოკატი უფლებების დარღვევის დადგენაზე მიუთითებს და ამბობს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ამ დრომდე უნდა ჩატარებულიყო.

ჯერჯერობით უცნობია რა ფორმით, ან ითანამშრომლებს თუ არა გამოძიებასთან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი. გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება, თუმცა საგამოძიებო ექსპერიმენტს თბილისში აფასებენ მისი პარტიის წევრები.

"საქართველო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებს" - ასეთია სახელისუფლებო გუნდის პოზიცია. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ სტრასბურგმა გამოხატვის თავისუფლების კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის საკითხში სახელმწიფო სრულად გაამართლა. 20 ივნისის აქციის დაშლის ოპერაციასა და მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელების ქმედებასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს კი პასუხი უნდა გაეცეს.

2019 წლის 20 ივნისის ღამეს, მედიის 40-ზე მეტი წარმომადგენელი და 80 პოლიციელი დაშავდა. საერთო ჯამში კი რუსთაველის გამზირზე, საპოლიციო ღონისძიებების დროს 200-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

დღის ამბები