რისკი, რომელსაც თვალჭრელიძის 1 ნომერში თვითნებურად შესახლებულები სახელს ვერ არქმევენ - ერთ დროს ქარხნის შენობა, დღეს მათი საცხოვრებელი ადგილია. 150-მდე ოჯახი სიცოცხლისთვის საშიშ მძიმე პირობებში ბავშვებთან ერთად ცხოვრობს. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს რა საფრთხის შემცველია აქ ცხოვრება. თუმცა, ამის მიუხედავად, ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.
ის, რაც ერთი შეხედვით კარგად ჩანს დასტურდება სამხარაულის ბიუროს დასკვნითაც, სადაც ვკითხულობთ, რომ შენობა-ნაგებობა დაზიანების კლასიფიკაციის მიხედვით მეოთხე ხარისხისაა, არსებული სახით მისი ექსპლუატაცია დაუშვებელია და მხოლოდ დემონტაჟს ექვემდებარება.
თვალჭრელიძის პირველ ნომერში მდებარე შენობა-ნაგებობები კომპანია შპს "ბლექ სი ფროფერთიმ" 2022 წელს საინვესტიციოდ შეიძინა და მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავდა. თუმცა, 2023 წლიდან მეპატრონეს ხელი საკუთრების განკარგვასა და მართვაში თვითნებურად, უკანონოდ შესახლებულმა მოქალაქეებმა შეუშალეს. კომპანიამ შენობაში შეჭრილები ფართის დატოვებაზე წერილობით და სიტყვიერად არაერთხელ გააფრთხილა თუმცა უშედეგოდ. სწორედ ამიტომ, 2023 წლის 8 ნოემბერს, "ბლექ სი ფროფერთიმ" საკუთრებაში შეჭრილი პირების გამოსახლების თაობაზე სასამართლოს მიმართა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, 2024 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა "ბლექ სი ფროფერთის" ყველა სასარჩელო მოთხოვნა, დაადგინა შენობებში შეჭრილი პირების გამოსახლება და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კომპანიისთვის გადმოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
გასული წლის 2024 წლის 5 დეკემბერს, უკანონოდ შეჭრილთა იძულებითი გამოსახლება დაინიშნა, მაგრამ პროცესი გადაიდო და ოჯახებს კიდევ დამატებითი დრო მიეცათ ტერიტორიის ნებაყოფლობით დასატოვებლად, თუმცა ეს პროცესიც უშედეგოდ დასრულდა.
სახელმწიფო პასუხისმგებლობას იძულებით გადაადგილებულ პირებზე იღებს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შენობაში შეჭრილი 285 პირიდან დევნილის სტატუსი მხოლოდ 58 აქვს. მათგან სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში სახელმწიფოსგან უკვე დაკმაყოფილებულია 24. 29-ს კი სახლის შესყიდვაზე განაცხადი შევსებული აქვს. მათგან 6-მა დადებითი პასუხი მიიღო, 5 პირს კი არცერთი პროგრამისთვის არ მიუმართავს.
ინვესტორი საკუთრების დაბრუნებას ითხოვს. ყოველდღიურად მატულობს ავარიული შენობის ნგრევის რისკიც, რაც შესაძლოა ფატალური შედეგითაც დასრულდეს.
ავტორი: კესო ქაფიანიძე