10 აგვისტო 2026,   07:26
ვრცლად
"უმეტეს მათგანთან მიღწეულია მოლაპარაკება... იმედი გვაქვს, დღის ბოლომდე თითოეულ მათგანს გაეწევა შესაბამისი დახმარება" - აღსრულების პოლიციის წარმომადგენელი

აღსრულების პოლიციის წარმომადგენლის, ჯემალ ზურაშვილის განცხადებით, ვარკეთილში, სადაც გამოსახლების პროცესის დაწყების გამო ხმაური და დაპირისპირება იყო, მოსახლეობის დიდ ნაწილთან მოლაპარაკება უკვე მიღწეულია. მისივე თქმით, შესაბამისი უწყებები განიხილავენ ცალკეული მოქალაქეების დამატებით მოთხოვნებსაც.

"გრძელდება აღსრულების იძულებითი ღონისძიება. ამ დროისთვის, უმეტეს მათგანთან მიღწეულ იქნა მოლაპარაკება და მათი ნივთების გადატანა მოხდა მათ მიერ მითითებულ მისამართზე. რაც შეეხება ერთეულ შემთხვევებს - მიმდინარეობს უძრავი ქონებების დაცლა და ასევე, შესაბამისი უწყებების მიერ მათ მიერ მოთხოვნილი დახმარებების საკითხის განხილვა. ჯერ არ დასრულებულა პროცესი და იმედი გვაქვს, დღის ბოლომდე თითოეულ მათგანს გაეწევა შესაბამისი დახმარება," - განაცხადა ჯემალ ზურაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, იმ ნაგებობების დემონტაჟის დაწყებას, სადაც ოჯახები არ ცხოვრობდნენ, ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ ტერიტორიიდან რამდენიმე მოქალაქე გაიყვანა. უვნებლად ჩამოიყვანეს ხიდან მამაკაცი, რომელიც სუიციდით იმუქრებოდა. დაპირისპირების მთავარი საკითხი არის ტერიტორიაზე არსებული კორპუსები, სადაც 150 ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობა გამოსახლებაზე უარს აცხადებდა.

შენობებს და ტერიტორიას ჰყავს კერძო მესაკუთრე - "ბლექ სი ფროფერთის" მოგებული აქვს სასამართლო დავა, თუმცა, გამოსახლება რამდენჯერმე გადაიდო. ამას გარდა, სახელმწიფო უწყებები აცხადებენ, რომ აქ სიცოცხლისთვის საშიში გარემოა და არსებობს სამხარაულის დასკვნა, რომლის მიხედვით, შენობას დაზიანების მეოთხე ხარისხი აქვს.

დღის ამბები