10 აგვისტო 2026,   09:01
ვრცლად
დღეს, ხელოვნების სასახლეში ლადო ასათიანის სახელობის პრემიის კონკურსში მონაწილეთა ლექსების კრებულის პრეზენტაცია შედგება

დღეს, 18:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში შედგება ლადო ასათიანის სახელობის პრემიის კონკურსში მონაწილეთა ლექსების კრებულის პრეზენტაცია.

ლადო ასათიანის სახელობის პრემია საზოგადოებამ "ქართული" გასული წლის 16 აგვისტოს დააარსა და განკუთვნილია ახალგაზრდა პოეტებისთვის.

კონკურსში ოცამდე ახალგაზრდა პოეტმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ყველაზე უმცროსი 14 წლის გახლდათ.

ჟიურის შემადგენლობა:

თავმჯდომარე - საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ხელმძღვანელი, პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი მაყვალა გონაშვილი.

წევრები:

ქეთი დუმბაძე, მწერალთა სახლის დირექტორი.

რეზო კლდიაშვილი, მწერალი, დრამატურგი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

ბადრი ქუთათელაძე, პოეტი, მკვლევარი, დიდუბის პანთეონის დირექტორი.

პირველი კონკურსის გამარჯვებული გახდა ახალგაზრდა პოეტი
ოთარ ფალიანი.

პრემიასთან ერთად, რომელიც 3000 ლარს შეადგენდა, გამარჯვებული დაჯილდოვდა სიგელითა და ლადო ასათიანის მედლით, რომელიც ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ,
გოგა შხვაცაბაიამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაამზადა.

საზოგადოება "ქართულის" გადაწყვეტილებით, ლადო ასათიანის სახელობის პრემიის ფარგლებში, გამოიცა ლადო ასათიანის სახელობის ლიტერატურული ალმანახი, რომელშიც კონკურსში მონაწილე ყველა ახალგაზრდა პოეტის მიერ ჟიურისთვის გამოგზავნილი ლექსები გამოქვეყნდა.

დღეს საქართველოს ხელოვნების სასახლეში (კარგარეთელის #6) შედგება საზოგადოებისთვის ალმანახის წარდგენა.

ღონისძიებას დაესწრება საზოგადოება "ქართულის" ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია.

 

დღის ამბები