საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი გამომძიებლებს 20 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დეტალებს უყვება. კახა ჯონჯუას რეზინის ტყვია თვალის არეში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მოხვდა, დასჭირდა ქირურგიული ჩარევაც. 6 წლის წინ საკანონმდებლო ორგანოსთან მუშაობის დროს, რეზინის ტყვიებით კიდევ ერთი ოპერატორი - კოტე გრიგალაშვილი დაშავდა.
რამდენად სწორად მოხდა 20 ივნისის ოპერაციის დაგეგმვა და იყო თუ არა შესაძლებელი ზიანის შემცირება? - ეს შეკითხვები სტრასბურგის სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელ ხელმძღვანელობასთან აქვს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით შენიშვნა არ ჰქონია, თუმცა მიუთითა გამოძიების ხარვეზებზე. სწორედ ამიტომ უკვე მეოთხე კვირაა საგამოძიებო ექსპერიმენტების უცვლელი ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა.
2019 წლის 20 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას გიორგი გახარია იკავებდა. გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ხელახალი გამოძიება არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
ნებისმიერი სახის სამართალდარღვევას, სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტებმა 20 ივნისთან დაკავშირებით ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გასცეს. სახელისუფლებო გუნდისთვის სტრასბურგის დავალების აღსრულება პრინციპულად მნიშვნელოვანია.
20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო ექსპერიმენტები 11 ივლისიდან ტარდება ამ დროისთვის, მასში მონაწილეობა 19-მა დაზარალებულმა მიიღო.
ავტორი: ნანა გოგატაძე