საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, ანაკლიის საქმეზე ვაშინგტონის არბიტრაჟის გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, ხაზარაძე-ჯაფარიძე პარტნიორისგან თუ ყოფილი პარტნიორისგან დისტანცირებას ცდილობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მარცხი მათთვის ძალიან მტკივნეულია.
ძამაშვილის თქმითვე, ისინი ცდილობენ ყველანაირი პასუხისმგებლკობა ინვესტორს დააკისრონ და თვითონ თავიდან აირიდონ.
"ერთადერთი, რაც გააკეთეს, ახლა დაიწყეს პარტნიორისგან თუ ყოფილი პარტნიორისგან დისტანცირება. ფაქტობრივად, ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ როდესაც ამდენ დავას წააგებ, ერთადერთი ისღა დაგრჩენია, რომ დისტანცირდე. ფაქტობრივად გამოდის, რომ მათი პასუხისმგებლობა არაფერი არ არის და თითქოს მათი ინვესტორი და პარტნიორი იყო ყველაფერში პასუხისმგებელი. თუმცა, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს მათი მონაწილეობა განხილვებში. ალბათ, იმას არ იტყვიან, რომ ამ განხილვებში როგორც ტურისტები ისე ესწრებოდნენ. თუ ძველ კადრებს ამოიღებთ, ისინი აქამდე აცხადებდნენ, რომ ორ საერთაშორისო არბიტრაჟში აწარმოებდნენ დავას. დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ დისტანცირება ნიშნავს იმას, რომ ეს მარცხი მათთვის ძალიან მტკივნეულია", - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.