აქტივისტ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტები, ადვოკატებმა, საქმის პროკურორებს პირველივე წარდგენის სხდომაზე გადასცეს. სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სწორედ ამ ფორმა 100-ში მითითებული თანმხლები დაავადება- ფსიქო-ემოციური ლაბილობა გახდა, მათი მხრიდან ფსიქიატრიული ექსპერტიზის მოთხოვნის საფუძველი. პროკურორი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევებში ფსიქიატრიული ექსპერტიზა ყოველთვის ინიშნება.
დათაშვილის ადვოკატი ადასტურებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტი პროკურორს თავად გადასცა, თუმცა მაინც ირწმუნება, რომ ბრალდებულისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა უკანონო იყო.
ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შემდეგ, სამედიცინო დოკუმენტების გასაჯაროებამდე - სოციალურ ქსელსა და მედიაში აქტიურობა დაიწყეს პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო სექტორისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. ამტკიცებდნენ, რომ დათაშვილი ფსიქიატრიულ შემოწმებაზე იძულებით გადაჰყავდათ, ექსპერტიზის დანიშვნის მიზანი კი მისი დისკრედიტაცია იყო.
ასე ფიქრობს დღესაც ოპოზიციის ნაწილი. დაცვის მხარის მიერ პროკურორობისთვის გადაცემული სამედიცინო დასკვნის მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები, მაინც ამტკიცებენ, რომ დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი არ არსებობდა.
ცალკეული ოპოზიციური პარტიების სპეკულაციებზე მიუთითებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პროკურატურა, სწორედ იმ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს, რომელიც ბრალდების მხარეს, თავად ნინო დათაშვილის ადვოკატებმა მიაწოდეს.
ნინო დათაშვილი 20 ივნისს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. საუბარია 9 ივნისს საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დათაშვილმა მანდატურის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.