გიორგი ბოჟაძე ერთ-ერთია იმ 10 000-ამდე მესაკუთრისგან, ვინც თბილისის მერიის ინიციატივით საკუთარი ბინის ექსპლუატაციაში შესვლას უახლოეს პერიოდში ელოდება. ამ დროისთვის განხილვის პროცესში 230 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსია.
თბილისის მერმა დღეს მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა დასრულებული კორპუსების ექსპლუატაციაში დროულად მისაღებად შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს. მისივე თქმით, ექსპლუატაციაში უკვე მიღებულია 910 დასრულებული შენობა, 30 000-მდე ოჯახს კი მიეცა შესაძლებლობა, ისარგებლონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამებით და სხვა მუნიციპალური სერვისებით.
მერისგან მუნიციპალურმა ინსპექციამ კიდევ ერთი დავალება მიიღო. შენობების ექსპლუატაციაში მისაღებად გამკაცრდება მონიტორინგი იმ შემთხვევებზე, როდესაც მშენებლობა დასრულებულია და არ ხდება კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შესრულება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, გაზრდილია შენობების ექსპლუატაციაში მიღების მაჩვენებელი. ბოლო 6 წელში მუნიციპალურმა ინსპექციამ სამშენებლო ნორმების, სტანდარტებისა და სანებართვო პირობების დაცვით აშენებული 7 000-მდე შენობა მიიღო ექსპლუატაციაში.
ავტორი: ნიკა ადეიშვილი