09 აგვისტო 2026,   23:15
ვრცლად
მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის საქმე, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების წევრობა - მძიმე დანაშაულებში მხილებულები, რომლებსაც ინტერპოლი 5 წლის განმავლობაში ეძებდა, ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს

მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის საქმე, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების წევრობა, ყაჩაღობა - ამ და სხვა არაერთი მძიმე დანაშაულისთვის, ქართველმა სამართალდამცველებმა თურქეთის 12 მოქალაქე დააკავეს. სხვადასხვა მძიმე დანაშაულებში მხილებულებს ინტერპოლი 5 წლის განმავლობაში ეძებდა. გამოძიებით დადგინდა, რომ დამნაშავეებმა საქართველოს საზღვარი სხვადასხვა დროს გადმოკვეთეს.

ნარკოდანაშაული, თაღლითობა, მკვლელობა ამ ბრალდებებით მხილებულებს სხვადასხვა დროს 200-მდე დანაშაული აქვთ ჩადენილი. საგამოძიებო მოქმედებებში ქართულ მხარესთან ერთად, ჩართული იყო თურქეთის სამართალდამცავი უწყებებიც. გაიჩხრიკა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიც, საიდანაც სამართალდამცველებმა მტკიცებულებების სახით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქეების საქართველოში დაკავების შესახებ წერს თურქული მედიაც. სტატიაში დასახელებულია, დაკავებული პირების ინიციალები და მათთვის წაყენებული კონკრეტული ბრალდებები. წარმატებულ საპოლიციო ღონისძიებას X-ის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

საერთაშორისოდ ძებნილი პირების დასაკავებლად საპოლიციო ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა. პროცესში ჩართული იყვნენ თურქეთის პოლიციის, ინტერპოლის ბიუროს წარმომადგენლები და ჟანდარმერიის ატაშეები.

წითელი ცირკულარით ძებნილი პირების ექსტრადირებისთვის პროცედურები უკვე დაწყებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.

დღის ამბები