პოლიტიკური სპეკულაცია და შეთქმულების თეორიები სამართლებრივი არგუმენტების ნაცვლად - ამ შინაარსის წერილით პასუხობს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სააპელაციო სასამართლოს განაჩენს. მეორე ინსტანციამ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, 11 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. თეიმურაზ წიქვაძე დღეს გამოქვეყნებულ წერილში დეტალურად აღწერს იმ სამართლებრივ არგუმენტებს, რომლითაც დგინდება, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი დანაშაულებრივი გზით მიისაკუთრა. მათ შორის, საუბარია ბრალდებულის ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებზე, როგორც გამოძიების სტადიაზე, ისე პირველ და მეორე ინსტანციებში განხილვის დროს. ცნობილია, რომ მსჯავრდებულმა უარი თქვა სააპელაციო სასამართლოში გამოეკვლიათ, მის მიერვე შედგენილი კალკულაცია, ისევე როგორც ამონარიდები პირველ ინსტანციაში მისი დაკითხვის ოქმიდან.
თეიმურაზ წიქვაძის მიერ გამოქვეყნებულ წერილში აქცენტი კეთდება ბრალდებულის ფაქტობრივ აღიარებაზეც. გიორგი ბაჩიაშვილი დღემდე ამტკიცებს, რომ ბიტკოინების მაინინგში დაბანდებული ინვესტიცია სრულად მას ეკუთვნის და ბიძინა ივანიშვილისგან მხოლოდ ფული ისესხა. კრიპტობირჟასთან ელექტრონულ მიმოწერაში კი თავადვე ადასტურებს, რომ პროექტში მისი მონაწილეობა მილიონ 500 ათასი დოლარის ფარგლებშია. ეს მაშინ, როცა ინვესტიციის საერთო მოცულობა ექვს მილიონ ნახევარ დოლარს შეადგენდა, საიდანაც 5 მილიონი პირადად ბიძინა ივანიშვილის შენატანია.
დღეს გამოქვეყნებულ წერილში ადვოკატი ხაზს უსვამს ბაჩიაშვილის მიერ გასაჯაროებულ აუდიოჩანაწერსაც, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით დამონტაჟებული აღმოჩნდა. ერთადერთი, რაც ამ ჩანაწერით უტყუარად დგინდება არის ის, რომ ბაჩიაშვილი ფარულად იწერდა მას, ვისაც მისივე მტკიცებით, ბიზნესის ასაწყობად რამდენიმე მილიონს სთხოვდა.
თავად გიორგი ბაჩიაშვილი პირველი ინსტანციის მსგავსად, მეორე ინსტანციაშიც სამართლებრივი საკითხების ნაცვლად იმას ამტკიცებდა, რომ გლობალური ომის პარტიის თეორიას არ იზიარებდა და მხოლოდ იმიტომ ისჯება, რომ უარი თქვა ანტიდასავლურ რიტორიკაზე.
აბსურდი და მანიპულაცია - ასე აფასებს ბრალდებულის პოლიტიკურ განცხადებებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი. თეიმურაზ წიქვაძე წერს, რომ ბაჩიაშვილს დანაშაულებრივი ქმედების გამოვლენამდე არავინ იცნობდა და არც პოლიტიკურ აქტივობაში იყო ჩართული.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ასევე სიცრუეს უწოდებს ბაჩიაშვილის განცხადებებს, რომ თითქოს მას დაბალი, ბანკის საშუალო რგოლის მენეჯერის ხელფასი ჰქონდა. რეალურად ირკვევა, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ანაზღაურება საქართველოს საფინანსო სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო და ის რამდენჯერმე აღემატებოდა, მაგალითად "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორის ხელფასს. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ვრცელი წერილი დღეს უპასუხოდ დატოვეს ბრალდებულის ადვოკატებმა. უფლებადამცველმა გვითხრა, რომ პოზიცია თავად მსჯავრდებულთან უნდა შეათანხმოს.