მიმდინარე სასწავლო წლიდან ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, დოქტორანტურის იმ პროგრამაზე ჩააბარონ, რომელიც საქართველომ და საბერძნეთმა ერთობლივად შეიმუშავეს. ინტერნაციონალური საგანმანათლებლო პროგრამის შესაქმნელად ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ათენის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორები მუშაობდნენ.
საგანმანათლებლო პროგრამა დოქტორანტებს მოამზადებს მაღალი რანგის მენეჯერებად განათლებისა და მეცნიერების სექტორში. ახალგაზრდები პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას მიიღებენ როგორც თბილისში, ისე ათენში. ასევე, კვლევით სამუშაოებს ჩაატარებენ ევროკავშირის ქვეყნებში და დასაქმებასაც შეძლებენ.
ინტერნაციონალური სადოქტორო პროგრამა განათლების სამინისტროს სრული ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 300 000 ლარი დაიხარჯება. უწყების ხედვით, შესაბამისი ცოდნის მიღების შემდეგ, ქვეყანას პროფესიონალები ეყოლება იმ სფეროში, სადაც ამგვარი კადრების დეფიციტი იყო.
სადოქტორო პროგრამაზე ახალგაზრდები მინიმუმ სამი წლის განმავლობაში ისწავლიან. სწავლა ორიენტირებული იქნება კვლევის იმ მეთოდების სიღრმისეულ შესწავლაზე, რომელიც განათლების სექტორისთვის არის მნიშვნელოვანი. დოქტორანტებს შესაძლებლობა ექნებათ ნაშრომის ხელმძღვანელად ჰყავდეთ თესეუსა და ათენის უნივერსიტეტის პროფესორები. ინტერნაციონალური სადოქტორო პროგრამა მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და მხარდაჭერით განხორციელდა.
თბილისისა და ათენის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება აპლიკანტთა მიღება ერთობლივი საბჭოს მიერ. ახალგაზრდებმა შესაბამისი დოკუმენტებით უნივერსიტეტს 22 აგვისტოდან უნდა მიმართონ.