ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, სამეგრელოს უკანასკნელი დედოფლის სასახლეს რესტავრაცია ჩაუტარდება. ზუგდიდის ცენტრში განთავსებულ დედოფლის რეზიდენციას, რომელიც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში აშენდა, პირვანდელი სახე და ავთენტურობა დაუბრუნდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, დღეს, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ზუგდიდში დააანონსა. ირაკლი კობახიძე სასახლეში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო, რის შემდეგაც დადიანების სასახლის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სარესტავრაციო პროცესი, როგორც სასახლის გარე, ასევე შიდა სივრცეებს შეეხება.
ეკატერინესეული სასახლის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია რომ აუცილებელია, ამას თავად პროექტის ინიციატორიც ამბობს. კულტურის მინისტრის განცხადებით, ქართული მუზეუმები უნდა იქცეს ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად და დედოფლისეული რეზიდენციის რეაბილიტაცია სწორედ ამ მასშტაბური პროექტის დასაწყისია.
ჩასატარებელი სამუშაოების ფარგლებში, გამაგრდება სასახლის კონსტრუქციული მზიდები, საძირკველი, აივნისა და გადახურვის ბურჯები. რესტავრაცია ჩაუტარდება რეზიდენციის საგამოფენო დარბაზებს და მათ ავთენტური, ისტორიული სახე დაუბრუნდება.
რესტავრატორები იმუშავებენ დედოფლისეული სასახლის უნიკალური, ე.წ. ლაზური აივნის შენარჩუნებაზეც. მას რესტავრაცია ნახევარ საუკუნეზე მეტია არ ჩატარებია. აქვე, უფლისწულის სასახლისათვის მომზადდება სპეციალური სადრენაჟო სისტემა, რომელიც სასახლის საძირკველს ზედმეტი ნალექისაგან დაიცავს.
ცნობილი ხდება ისიც, რომ, სარეაბილიტაციო პროცესის დასრულების შემდეგ, დამთვალიერებელი დედოფლის სასახლეში განახლებულ დარბაზებსა და იმ აღდგენილ უნიკალურ ნივთებს იხილავს, რომლებიც სასახლეში საუკუნეზე მეტია არ გამოფენილა. ამ საკითხის განსაკუთრებულობაზე დადიანების სასახლეში, დღეს, ისტორიკოსებმაც ისაუბრეს.
დედოფლისეული სასახლის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც საქართველოს ძეგლთა დაცვის სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორების, ხელოვნებათმცოდნეების და ისტორიკოსების ჩართულობით მომზადდა, 2028 წელს დასრულდება. დადიანების სასახლის პარალელურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ათამდე სხვადასხვა ტიპის მუზეუმისა თუ სახლ-მუზეუმის აღდგენა იგეგმება.