ნაძალადევის გამგეობა ბიზნეს სექტორს ერისთავის ქუჩაზე მდებარე შენობის ავარიულობის გამო აფრთხილებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა. მანამდე მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურმა ნაგებობა რკინის კონსტრუქციით შემოსაზღვრა და გაფრთხილება განათავსა.
გარდა არაერთი გაფრთხილებისა და სპეციალისტების შეფასებისა, რომ შენობა ავარიულია, ნაგებობაზე თვალსაჩინოა დიდი ზომის ბზარები. დაფიქსირდა სამშენებლო მასალის ჩამოშლაც. ამის მიუხედავად, მესაკუთრეები საფრთხეს ვერ ხედავენ და შენობის დაცლაზე უარს აცხადებენ.
შენობას, რომლის დაცლასაც მერია ითხოვს, პირველადი შეფასებით, მეოთხე კატეგორიის ავარიულობა აქვს, რაც მის სასწრაფო დაცლას გულისხმობს, ამისთვის კი მეპატრონეებს დღეს ბოლო, 7-დღიანი ვადა მიეცათ.
შენობის მეპატრონეები, ბოლო გაფრთხილების თანახმად, ვალდებულები არიან პირველ სექტემბრამდე გაატარონ საფრთხის პრევენციული ზომები და წარადგინონ დამატებითი ექსპერტიზის დასკვნა.