საქართველოს პროკურატურამ კომერციული მოსყიდვის და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კახეთის რეგიონში მოქმედი შპს "ფსიქო-დიაგნოსტიკის და ფსიქო-კორექციის ცენტრის" დირექტორი თანხის სანაცვლოდ უკანონოდ ამზადებდა და გასცემდა ფსიქტროპული ნივთიერების შესაძენად განკუთვნილ რეცეპტებს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით (კომერციული მოსყიდვა) და 268-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ფსიქოტროპული ნივთირების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადება, გასაღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.