კონკურენციის სააგენტომ სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო. შეფასება მოხდება კანონმდებლობით განსაზღვრული პარამეტრებით. საქსტატმა სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ზრდის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ 2025 წლის ივლისში, გასულ წელთან შედარებით, ფასები 26%-ით გაიზარდა.
"მონიტორინგის დაწყების საფუძველი არის საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით საავადმყოფოს მომსახურებები და რიგი სამედიცინო მომსახურებები, დაახლოებით 26%-ით არის გაზრდილი. საბოლოო ჯამში, ჩვენი მონიტორინგიც ემსახურება, რომ უკეთესი და უფრო აქტიური კონკურენციის პირობებში აღნიშნული ფასები, ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებზე იყო სამართლიანი, უფრო ხელმისაწვდომი და პაციენტების ინტერესები იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი, ამიტომ ვფიქრობ, რომ აღნიშნული მონიტორინგი პასუხს გასცემს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს“, - აცხადებს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სამინისტროსთვის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოსთან მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
"ჩვენი სამინისტროსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოსთან. ეს იმის გათვალისწინებით, რომ უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანდაცვის სექტორში კონკურენციის გაზრდას და ამ საშუალებით მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალურად მაღალი სტანდარტის დაცვაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივია მივესალმებით ამ თანამშრომლობის გაღრმავებას საზოგადოდ და ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც არის ჯანდაცვის სექტორში იმ საკითხების შეფასებას, რომელიც გულისხმობს შეფასებას კონკურენციის ხარისხის, რამდენად არის ის მის სამსახურში, რომ ემსახურებოდეს მომხმარებლის, პაციენტის საუკეთესო ინტერესებს“, - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.