დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის აღკვეთის ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. გიორგი კაპანაძეს, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან, ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ გალავანში მდებარე, 2 ჰექტარი ფართობის, ორი მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის სანაცვლოდ, რწმუნებულის მოადგილემ უცხო ქვეყნის მოქალაქეს 400 ათასი დოლარი მოსთხოვა. მოქალაქემ მას თანხის ნაწილი - 80 ათასი დოლარი წინასწარ გადასცა.
უწყებამ გაავრცელა ფარული ჩანაწერებიც, სადაც ჩანს, რომ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი კაპანაძე უცხო პირს დიდი ოდენობის ქრთამს ართმევს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, კაპანაძეს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.