საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს. პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად გიორგი კაპანაძემ და თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ გალავანში მდებარე, 2 ჰექტარი ფართობის, ორი მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის სანაცვლოდ, რწმუნებულის მოადგილემ უცხო ქვეყნის მოქალაქეს 400 ათასი დოლარი მოსთხოვა. უწყებამ გაავრცელა ფარული ჩანაწერებიც, სადაც ჩანს, რომ გიორგი კაპანაძე უცხო პირს დიდი ოდენობის ქრთამს ართმევს.
"წარდგენილი აქვს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, მოთხოვნა და აღება. ბუნებრივია, არსებობს მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს ნამდვილად დაარწმუნებს, რომ ნამდვილად ჩადენილი აქვს ამ ადამიანს მასზე ინკრიმინირებული ქმედება. ჩვენ ვიშუამდგომლეთ, პატიმრობამ, მთელი რიგი რისკის დასაზღვევად, მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის და ასევე მიმალვის საფრთხე არსებობდა, დიდი ალბათობით. სასამართლომ გაიზიარა აღნიშნული ჩვენი პოზიცია.
კონკრეტული მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების უზრუნველსაყოფად, თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით, მოითხოვა თითოეულ კვადრატულ მეტრზე 20 ამერიკული დოლარის გადაცემა, რაც ჯამში წარმოადგენდა 400 000 ამერიკულ დოლარს, აქედან წინასწარ - პროცედურების დაწყებისთვის მოითხოვა და მიიღო 80 000 აშშ დოლარი“, - აცხადებს პროკურორი ბექა ხუნაშვილი.